TV იმედი

ლალიაშვილი იმედზე: ეს არხი იყო დაბალანსებული, სანამ ჩვენ ჩაგვითრევდნენ ომში

"ეს არხი იყო დაბალანსებული, სანამ ჩვენ ჩაგვითრევდნენ ომში." - მედიაჩეკერი აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც, მათი ინფორმაციით, ამ სიტყვებს ტელეკომპანია იმედის დირექტორი, ნიკა ლალიაშვილი ამბობს. 

მედიაჩეკერის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერში ლალიაშვილი მაესტროს ყოფილი გადაცემის, ბიზნესის სიახლეების წამყვანსა და პროდიუსერს, ანა ცხოვრებოვას არწმუნებს, რომ სარედაქციო პოლიტიკა შეცვალონ. მათივე ცნობით, ჩანაწერი 2019 წლის 24 დეკემბრისაა, ამ პერიოდში ლალიაშვილი იმედის დირექტორის მოადგილე იყო. 

"დაბალანსებული დაივიწყე, რა... დაბალანსებული ნიშნავს რას? უსუნოს, უგემოს, სტერილურს. ცუდია დაბალანსებული, რა. შევდივართ აქტიური ომის ფაზაში. არ შეიძლება თქვა, რომ არ ხარ ფრონტის ხაზზე, მე ვარ შენი ჯარი, ჩვენ, იმედი, ვართ ერთი გუნდი. ჩვენ თუ ვომობთ, შენ თქვა, მე არ ვომობ, ეგ არის დეზერტირობა. შენ ხარ იმედის ნაწილი, აცნობიერებ, რომ შენ ხარ იმედელი? 

[...] ეს არხი იყო დაბალანსებული, სანამ ჩვენ ჩაგვითრევდნენ ამ ომში. ახლა ამ არხს გაუჩნდა პოზიცია, ანუ არის მიკერძოებული, არხს აქვს პოზიცია. ეს პოზიცია არის ანტინაციონალური მოძრაობის პოზიცია, ძალიან მკაფიო პოზიციაა. ამ არხს გაუჩნდა პოლიტიკა, ანუ, გაუჩნდა სუნი, ფერი, გემო, რაც აქამდე არ ჰქონდა, იყო სტერილური, ანუ დაბალანსებული." - ისმის ჩანაწერში. 

გადაცემა ბიზნესი 2020 წლის 1-ელ მარტს დაიხურა. გადაცემის გუნდმა ნიკა ლალიაშვილის წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას 1-ელ აპრილს მიმართა. ქარტიის საბჭომ 4 ოქტომბერს დაადგინა, რომ ნიკა ლალიაშვილმა ქარტიის მეორე პრინციპი დაარღვია, რომლის მიხედვითაც: 

"დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ."

კომენტარები