საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული, პროპაგანდისტული TV იმედის გენერალურმა დირექტორმა, მაკა ლომიძემ სამეთვალყურეო საბჭოში ახალი წევრების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა.
დოკუმენტის თანახმად, არხის სამეთვალყურეო საბჭოს ახალმა შემადგენლობამ თავმჯდომარედ ირაკლი ჩიხლაძე აირჩია, ხოლო მის მოადგილედ - ნათია სონღულაშვილი.
ტელეკომპანიის განახლებულ სამეურვეო საბჭოში შვიდი ახალი წევრია:
ირაკლი ჩიხლაძე - "იმედის კვირის" წამყვანი და ტელეკომპანიის მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელი. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
ნათია სონღულაშვილი - "იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ტელეიმედის მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელი.
მაგდალინა ანიკაშვილი - "იმედი LIVE"-ის და "ღია ეთერის" წამყვანი.
მარიამ ლომიძე - ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი. ის "იმედის" მფლობელი კომპანიის - "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" დირექტორიცაა და მის 10%-საც ფლობს.
ვასილ კალანდარიშვილი - "იმედის" ფინანსური დირექტორი და ტელეიმედის მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელი.
მაია ჩიგოშვილი - "იმედის" პროგრამების ხელმძღვანელი და ტელეკომპანიის მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელი.
ილია მიქელაიშვილი - "იმედის" 50%-იანი წილის მფლობელი.
ცნობისთვის, გაერთიანებულმა სამეფოს მიერ TV იმედის სანქცირებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს, საჯარო რეესტრს TV იმედის სამეთვალყურეო საბჭოდან გასვლის მოთხოვნით 4-მა წევრმა მიმართა, მათ შორის ყოფილმა მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ. მათ განცხადების დაჩქარებული წესით, 1 დღეში განხილვა მოითხოვეს. რეესტრის ვებგვერდზე 19:38 საათზე აიტვირთა განახლებული ამონაწერი, რომლის თანახმადაც ოთხივე პირის განცხადება დაკმაყოფილდა და ისინი TV იმედის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები აღარ არიან.
ამის შემდეგ სამეთვალყურეო საბჭოში ერთადერთ წევრად მაკა ლომიძე დარჩა.
24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ პროპაგანდისტული სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV "რუსული დეზინფორმაციის გავრცელების" გამო სანქცირებულ ერთეულთა სიაში შეიყვანა, რის ფარგლებშიც მათ სამი კატეგორიის სანქციები შეეხოთ: აქტივების გაყინვა, სატრასტო მომსახურების სანქციები და დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია.





