დავით-გარეჯი

კიკნაველიძე დაკავებებზე: რუსეთი ერევა არჩევნებში ქართული ოცნების სასარგებლოდ

ტაბულა

ევროპული საქართველოს სპიკერი, ირაკლი კიკნაველიძე, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვის დაკავებას Facebook გვერდზე ეხმაურება და წერს, რომ ისინი ივანიშვილის რეჟიმის მორიგი მსხვერპლები არიან.

კიკნაველიძე ასევე წერს, რომ რუსეთი უკვე ერევა საქართველოს არჩევნებში და ამას ქართული ოცნების სასარგებლოდ აკეთებს.

"ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არიან სინდისის პატიმრები და ისინი იმსახურებენ სრულ მხარდაჭერას გონიერი ქართული საზოგადოებისგან. ეს ორი ადამიანი ივანიშვილის სისხლიანი და დაუნდობელი რეჟიმის მორიგი მსხვერპლია.

წინასაარჩევნოდ საქართველომ არაერთი გაფრთხილება მიიღო, რომ რუსეთი ეცდებოდა, 2020 წლის არჩევნებში ჩარეულიყო და ამას უკვე ვხედავთ. რუსეთი ერევა ჩვენს არჩევნებში ქართული ოცნების სასარგებლოდ. ქართველი ხალხის თავისუფლების წინააღმდეგ დაგეგმილ ამ შეთქმულებაში მონაწილეობს ყველა, ვინც მრავალი წელია, პირდაპირ ასრულებს პუტინის რუსეთის დავალებებს საქართველოში". - წერს ის.

გუშინ, 7 ოქტომბერს, საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და საბჭოს წევრი, ნატალია ილიჩოვა დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

იმავე საღამოს გენერალურ პროკურატურასთან მელაშვილისა და ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

კომენტარები