დავით-გარეჯი

საპატრიარქო დავით-გარეჯზე: ეკლესია ვერ გაჩერდება, ვიდრე საკითხი სასიკეთოდ არ გადაწყდება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, ეკლესია 15 წელია ცდილობს, სახელმწიფოს დაანახოს დავით გარეჯთან დაკავშირებული პრობლემის მნიშვნელობა, "ყოველ ღონეს ხმარობს მის მოსაგვარებლად და მაქსიმალურად იყენებს ყველა ტრიბუნას, რათა მართებული ინფორმაცია მიაწოდოს, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ისე საერთაშორისო საზოგადოებას". 

საპატრიარქოს განცხადებაში მაგალითად მოჰყავს 2019 წლის ნოემბერში ბრიუსელში საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი და აცხადებს, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ევროკავშირსა და ნატოში შეხვედრების დროს პირადად გადასცა დავით გარეჯის პრობლემის თაობაზე ეკლესიის ხელთ არსებული ყველა მასალა ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებს და სთხოვა აღნიშნული საკითხის მოგვარებაში თანადგომა.

საქართველოს საპატრიარქოში დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით სასულიერო პირების მორიგი შეხვედრა გაიმართა. საპატრიარქო აცხადებს, რომ დღევანდელი შეხვედრის უმთავრესი საკითხი შეეხო იმ ახალ გარემოებებსა და რუკებს, რომელთა არსებობაც საზოგადოებისათვის ბოლო პერიოდში გახდა ცნობილი.

"მნიშვნელოვანია, რომ ამ გარემოებებისა და რუკების, კერძოდ, 1938 წლის რუკის, შესახებ ეკლესია წლებია მიუთითებდა საზღვრის დამდგენ კომისიას და ამ საკითხზე მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს. საზოგადოებისათვის უკვე კარგადაა ცნობილი, რომ ხელშეკრულება, რომელიც ორმხრივად იყო ხელმოწერილი, როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის მიერ, საზღვრის დადგენის საფუძვლად ამ რუკას გულისხმობს.

ადრეც არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ საზღვრის დადგენაზე მომუშავე ჯგუფმა საერთოდ არ იხელმძღვანელა აღნიშნული რუკით, ხოლო მისი რამდენიმე წლის წინ მოპოვებული ასლები ავთენტურად არ მიიჩნია. 

კომისიამ ხელი მოაწერა სასაზღვრო ზოლის განსაზღვრის ისეთ ოქმს, რომლის საფუძველზეც ამჟამად აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩიჩხიტურსა და უდაბნოს მონასტრის ტერიტორიას აკონტროლებენ.

დღეს კი დადგა ახალი გარემოებები, მოპოვებულ იქნა ამ რუკების დედნები ყველა აუცილებელი ნიშნით, რაც მის ავთენტურობას უეჭველს ხდის. შესაბამისად, ჩნდება შესაძლებლობა და აუცილებლობა, რომ ამ კარტოგრაფიული დოკუმენტაციის საფუძველზე მოხდეს 2006-2007 წლებში ხელმოწერილი კომისიის ოქმების გადახედვა". – წერია განცხადებაში. 

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს 2019 წელს დარგის სპეციალისტების, მეცნიერებისა და ექსპერტების 14-კაციანი ჯგუფის მიერ მიღებული დასკვნაზეც.

საპატრიარქო აცხადებს, რომ აღნიშნულმა ჯგუფმა დავით გარეჯის პრობლემა შეისწავლა, როგორც ისტორიული, ისე იურიდიული და კარტოგრაფიული კუთხით და დაადასტურა, რომ სადავო ტერიტორია და მასზე მდებარე ქართული მონასტრები საქართველოს კუთვნილებაა და სრულად უნდა ექცეოდეს ქვეყნის ლეგიტიმურ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

"ამასთან, აღნიშნული მონასტრები იურიდიულად საქართველოს ეკლესიის კუთვნილებაა. შესაბამისად, ეკლესიის პირდაპირი ვალდებულებაა მათზე ზრუნვა და დაცვა, ეს არც დღეს დაწყებულა და არც დასრულდება, ეკლესია ვერ გაჩერდება, ვიდრე საკითხი სასიკეთოდ არ გადაწყდება.

იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხება საზღვრებს, გარკვეული ძალები ცდილობენ, ეკლესიის პოზიციას პოლიტიკური სარჩული დაუდონ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრულ ურთიერთობას კი ჩრდილი მიაყენონ. ამიტომ, ეკლესია კიდევ ერთხელ გარკვევით აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ მისთვის მთავარია ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით, ყოველგვარი პოლიტიზებისა და დაძაბულობის გარეშე.

იმ ვითარებაში, როდესაც ეკლესია ასეთ უმნიშვნელოვანეს პროცესშია ჩართული, მიგვაჩნია, რომ ეკლესიისა და საპატრიარქოს მიმართ ყოველგვარი ცილისწამება პირდაპირ უკავშირდება დავით გარეჯის პრობლემატიკას". – აცხადებს საპატრიარქო. 

პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი და სპეციალურ სამთავრობო კომისიაში ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი - ივერი მელაშვილი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დღეს, 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. პროკურატურა მელაშვილის და ილიჩოვასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით. 

ოპოზიციის წევრებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გენერალურ პროკურატურასთან დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გამართეს. ოპოზიცია ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავებას წინასაარჩევნოდ მოგონილ აბსურდულ საქმეს უწოდებს და აცხადებს, რომ ქართული ოცნების მთავარი სამიზნე წინა ხელისუფლებაა. 

კომენტარები