ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე

გერმანელი პროკურორი: რუსეთის მთავრობამ ხანგოშვილის მკვლელს მისი ლიკვიდაცია დაავალა

AP

რუსეთის მოქალაქე, ვადიმ კრასიკოვი, რომელსაც მოსკოვის დაკვეთით ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა ედება ბრალად, 7 ოქტომბერს სასამართლოში გამოცხადდა. 

გერმანელი პროკურორის, რონალდ გეორგის, განცხადებით, ბრალდებული, ვადიმ კრასიკოვი, რომელიც გამოგონილ სახელს, ვადიმ სოკოლოვს იყენებდა, გასული წლის აგვისტოში ჩავიდა გერმანიის დედაქალაქში რუსეთის მთავრობის დაკვეთით, რათა მოეკლა ეთნიკურად ჩეჩენი საქართველოს მოქალაქე, რომელიც ჩეჩნეთში რუსეთის ჯარებს ებრძოდა.

"რუსეთის ფედერაციის ცენტრალური მთავრობის სახელმწიფო სააგენტოებმა ბრალდებულს დაუდეს კონტრაქტი, რომ მას წარმოშობით ჩეჩენი საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაცია მოეხდინა," - აღნიშნა გერმანელმა პროკურორმა სასამართლოში საბრალდებო ოქმის წაკითხვისას. 

რონალდ გეორგმა ასევე განაცხადა, რომ "ბრალდებულმა დადო კონტრაქტი უცნობი რაოდენობის ფულის სანაცვლოდ, ან იზიარებდა იმათ მოტივს, ვინც მას კონტრაქტი დაუდო მსხვერპლის ლიკვიდაციისთვის პოლიტიკურ მტერზე   შურისძიებისა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ჩეჩნეთის მეორე ომში მონაწილეობის და სხვა შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობისთვის".

საბრალდებო დასკვნაში პროკურორები ამტკიცებენ, რომ არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომელიც ოფიციალური რუსეთის დანაშაულში მონაწილეობაზე მიუთითებს.

ბრალდებულმა პროცესის დაწყებისას მოკლე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ის არასწორად ამოიცნეს და იგი არა ყაზახეთში დაბადებული 55 წლის პირი, არამედ რუსეთში დაბადებული 50 წლის მამაკაცია:

"მე ვარ ვადიმ ადრეევიჩ სოკოლოვი და არა ვადიმ ნიკოლაევიჩ კრასიკოვი. ამ პიროვნებას მე არ ვიცნობ".

როგორც AP წერს, თავმჯდომარე მოსამართლემ, ოლაფ არნოლდმა უჩვეულო ნაბიჯი გადადგა და კრასიკოვს ურჩია, გამოეყენებინა თავისი უფლება და ჩუმად დარჩენილიყო მანამდე, სანამ ზოგად პირად დეტალებზე ჰკითხავდნენ, რადგან ამ შემთხვევაში ასეთი განცხადებაც კი, შესაძლოა, საკუთარი თავის დასადანაშაულებელი მასალა აღმოჩნდეს.

საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი გასული წლის აგვისტოში მოკლეს ბერლინში. მკვლელობაში ბრალდებით დაპატიმრებულს კი რუსეთის ფედერაციის პასპორტი აღმოაჩნდა, რომელიც ვადიმ კრასიკოვის სახელზეა გაცემული.

ამ საკითხზე ჩატარებული რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კრასიკოვი ФСБ-ს სპეცრაზმის ვეტერანი და რამდენიმე გახმაურებული შეკვეთილი მკვლელობის ფიგურანტია.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ კრასიკოვი რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოქმედებდა.

გერმანულმა მხარემ რუსეთს რამდენჯერმე მიმართა გამოძიებაში დახმარების თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. 4 დეკემბერს გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. მოგვიანებით იგივე ზომები მიიღო მოსკოვმაც.

კომენტარები