დავითგარეჯის საქმე

მელაშვილის ადვოკატი: მოწმეებად ჰყავთ სასულიერო პირები, თითქოს ექსპერტული ცოდნა ჰქონდათ

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative

დავითგარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ მოწმეები სასულიერო პირები არიან, რომელთაც, მისივე სიტყვებით, თითქოს ჰქოდნათ ექსპერტული ცოდნა, "რომ მათ გაარჩიეს, რომელი რუკების გამოყენებას ჰქონდა ადგილი."

"მსხვერპლშეწირვას უფრო ჰგავს, ვიდრე რაიმე სამართლებრივ პროცესს და ეს ადამიანები პოლიტიკურ ბატალიებს ეწირებიან. მიგვაჩნია, რომ ბრალდება არის აბსურდული. ზუსტად რომელი ტერიტორიების ნაწილზე ედავებიან, რომ შეიძლებოდა დაკარგულიყო, ან გამოყოფილიყო საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, ეს, ცალსახად, პროკურატურის განცხადებიდან არ იკვეთება.  

ბატონი ივერი მელაშვილისთვის ეს არის წმინდა პოლიტიკური პროცესების თანმდევი შედეგი. მოწმეებად სასულიერო პირები, რომლებიც, თითქოს, ესწრებოდნენ გარკვეულ შეხვედრებს და ჰქონდათ იმდენი ექსპერტული ცოდნა, რომ მათ გაარჩიეს, რომელი რუკების გამოყენებას ჰქონდა ადგილი და რომელი რუკების გამოყენებას - არა." - ამბობს მარიკაშვილი. 

გუშინ, 7 ოქტომბერს, საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი, ნატალია ილიჩოვა დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ 1938 წლის რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

ოპოზიციის წევრებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გენერალურ პროკურატურასთან დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გამართეს. ოპოზიცია ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავებას წინასაარჩევნოდ მოგონილ აბსურდულ საქმეს უწოდებს და აცხადებს, რომ ქართული ოცნების მთავარი სამიზნე წინა ხელისუფლებაა. 

კომენტარები