ეკონომიკა

საგადასახადო შეღავათები საერთაშორისო კომპანიებს - მთავრობის ახალი ინიციატივა

საქართველოს მთავრობა

მთავრობა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის შემოღებისა და მათთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების ინიციატივით გამოდის. თქვა ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ. 

გახარიას თქმით, საგადასახადო კოდექსში 2019 წლიდან შესული ცვლილებების შედეგად დღეს უკვე შესაძლებელია, დაწესდეს საერთაშორისო კომპანიების სტატუსი, რაც მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს. 

"ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის პერიოდში გლობალური კონკურენცია იქნება ძალიან მძაფრი, ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას, როგორც ქართულ კომპანიებს, მიიღონ საერთაშორისო კომპანიების სტატუსი, ასევე საერთაშორისო კომპანიებს, შევუქმნათ პლატფორმა იმისათვის, რომ საქართველოდან იმუშაონ". - ამბობს გახარია. 

პრემიერმინისტრი ამბობს, რომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ შეღავათებით სარგებლობას საწყის ეტაპზე IT სფეროსა და საზღვაო სერვისების კომპანიები შეძლებენ. საკითხზე ისაუბრა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმაც, მისი თქმით, საწყის ეტაპზე ეს სწორედ დასახელებულ სფეროებში მომუშავე კომპანიებს შეეხებათ. 

რაც შეეხება კონკრეტულ შეღავათებს, მაჭავარიანის თქმით, საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებისთვის 15%-დან 5%-მდე შემცირდება მოგების გადასახადის განაკვეთი და 20%-დან 10%-მდე საშემოსავლო გადასახადი. მინისტრი ამბობს, რომ საერთაშორისო კომპანიას მიეცემა საშუალება ხარჯად გაატაროს საქართველოს მოქალაქის/რეზიდენტისთვის გადახდილი ხელფასი. 

უნდა ითქვას, რომ ამგვარი ინიციატივით წინა წლებში მამუკა ბახტაძის მთავრობაც გამოდიოდა, თუმცა მაშინ ამ ინიციატივას ბაზარი ენთუზიაზმით არ შეხვედრია. 

საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მისაღებად, კომპანიებმა შემოსავლების სამსახურს უნდა მიმართონ. ივანე მაჭავარიანის თქმით, სტატუსის დადგენის პროცესი მარტივი და სწრაფი იქნება. 

კომენტარები