აზერბაიჯანი-სომხეთი

აზერბაიჯანი სომხეთს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე თავდასხმაში ადანაშაულებს

Twitter

აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის ოფისში სომხეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე თავდასხმაში დაადანაშაულეს. მათი მტკიცებით, სომხეთმა იევლახის რაიონში მდებარე იმ ტერიტორიის მიმართულებით, სადაც ნავთობსადენი გადის, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან 9К58 ("Смерч") გაისროლა, თუმცა თავდასხმა შეაჩერეს.

აზერბაიჯანის ამ ბრალდებას სომხეთის თავდაცვის სამინისტროში უარყოფენ.

"აზერბაიჯანის განცხადება, რომ სომხეთის არმიამ სცადა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე თავდასხმა, სრული სიცრუეა. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენს სამიზნეს არ წარმოადგენს ნავთობის და გაზის ინფრასტრუქტურა". – თქვა თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, შუშან სტეპანიანმა. მისივე თქმით, მიუხედავად მისი მდებარეობისა, გაანადგურებენ ყველა სამიზნეს, საიდანაც მთიანი ყარაბაღის მიმართულებით თავდასხმა მოხდება.

მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

4 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის რამდენიმე სოფლის აღების შესახებ განაცხადა. ამავე დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თანაშემწემ, ჰიქმეთ ჰაჯიევმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის ქალაქ მინგეჩაურზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რასაც სომხეთი უარყოფს.

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ გრძელდება თავდასხმა მთიანი ყარაბაღის ქალაქ სტეფანაკერტზე (ხანქენდი).

მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის, ე.წ. პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ვაგრამ პოღოსიანმა კი განაცხადა, რომ გაანადგურეს აზერბაიჯანში მდებარე განჯის აეროპორტი.

აშშ, რუსეთი და საფრანგეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტაზე დაუყოვნებლივ და უპირობო შეთანხმებისაკენ მოუწოდებენ. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ამის თაობაზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ კონფლიქტის ესკალაცია, მათ შორის სამოქალაქო ობიექტების მიზანში ამოღება რეგიონის სტაბილურობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

კომენტარები