ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

Facebook/შეცვალე

დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან ოკუპირებულ აფხაზეთში 30 სექტემბერს უკანონოდ დაპატიმრებული ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად აქცია გაიმართა.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ირაკლი ბებუა დღემდე სოხუმის ციხეში იმყოფება და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დიდი საფრთხე ემუქრება - ადგილობრივები ბებუას ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვენ.

"ქართული მხრიდან, სუსის ერთჯერადი განცხადების მიხედვით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მსგავსი მძიმე საქმის შემთხვევაში ერთჯერადი განცხადებები საკმარისი არაა - ჩვენ გვახსოვს ამ რეჟიმს შეწირული ადამიანების სახელები". – წერენ აქციის ორგანიზატორები. 

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ირაკლი ბებუას წინააღმდეგ სხვისი ქონების დაზიანებისა და სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლის საქმეა გახსნილი.

ირაკლი ბებუამ აფხაზეთის ომში გამარჯვებისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე გალში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ დროშის ფერებით გაფორმებული ტილო და მასზე დამაგრებული გერბი დაწვა. ოკუპირებული აფხაზეთის საგამოძიებო სამსახურების თანახმად, ირაკლი ბებუას სახლის ჩხრეკისას ხელყუმბარა იპოვეს.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ცნობით, უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუა იმყოფება ქალაქ გალში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და გააქტიურდა ცხელი ხაზი. უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია, ასევე, მიეწოდა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

კომენტარები