კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: ეპიდსიტუაციის მართვაში ჩართულ ყველა ექიმს 50%-იანი სახელფასო დანამატი ექნება

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ დღეს, 7 ოქტომბერს გამოქვეყნდება შესაბამისი დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ეპიდემიური სიტუაციის მართვაში ჩართულ ყველა ექიმს 50%-იანი დანამატი ექნება. 

"ყველა ჩართულ ექიმს ექნება 50%-იანი დანამატი იმ ხელფასზე, რომელიც არის დღესდღეობით თითოეული ექიმის საბაზრო ღირებულება საათობრივ ანაზღაურებაში". – თქვა მინისტრმა. 

გარდა ამისა, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ექიმები და ექთნები, რომლებიც მუშაობენ ახალი კორონავირუსის შემთხვევებზე, ჯგუფებად დაიყოფა. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 9 753 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5 235 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 62 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4 456 აქტიური შემთხვევაა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები