ალექსეი ნავალნის მოწამვლა

რუსეთმა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია მიკერძოებულობაში დაადანაშაულა

ალექსეი ნავალნი
ABC News

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია მიკერძოებულობაში დაადანაშაულა. ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ ალექსეი ნავალნის სისხლში ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტის კვალის არსებობდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ორი ლაბორატორია, რომელშიც სინჯების ტესტირება ჩატარდა, დაკავშირებულია "ევროატლანტიკური თანამეგობრობის სამხედრო-პოლიტიკურ სტრუქტურებთან". უწყებაში ხაზი გაუსვეს - "სავსებით მოსალოდნელი ოპერატიულობა", რომლითაც გერმანია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს დაეთანხმა. 

"ამგვარად, თავისი არსით ფანტასტიკურმა ისტორიამ, რომელიც ინიცირებული იყო ბერლინისა და მისი ევროატლანტიკური პარტნიორების მითითებით, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ტექნიკური სამდივნოს ხელმძღვანელობასთან ერთად, თავისი განვითარება წინასწარ დაგეგმილი კონსპიროლოგიური სქემის მიხედვით ჰპოვა". – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის განცხადების თანახმად, ნავალნის სისხლსა და შარდში აღმოჩენილ ბიომარკერებს აქვთ ნოვიჩოკის ჯგუფში შემავალი ტოქსიკური ნივთიერებების მსგავსი სტრუქტურული მახასიათებლები.

ეს შედეგები ადასტურებს გერმანიის, შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიების ანალიზების შედეგებს, რომელთა თანახმადაც ნავალნი ნოვიჩოკით მოწამლეს.

ორგანიზაციის მიერ ნავალნის სისხლის ნიმუშებში აღმოჩენილი კონკრეტული ნივთიერება არ არის აკრძალული ქიმიური იარაღის სიაში, მაგრამ ეს ნივთიერება ნოვიჩოკის ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტის ახალი და უცნობი ვერსიაა.

ნავალნი შეუძლოდ გახდა 20 აგვისტოს თვითმფრინავში, ტომსკი-მოსკოვის რეისზე. ის ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რუსმა ექიმებმა მის ორგანიზმში საწამლავის კვალი ვერ იპოვეს, თუმცა ოჯახის, მხარდამჭერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით ოპოზიციონერი ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. გერმანელმა ექიმებმა, მოგვიანებით კი შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ნავალნის ორგანიზმში ნოვიჩოკის ტიპის ნერვული აგენტი აღმოჩნდა.

ნავალნის გუნდში ამბობენ, რომ ნერვული აგენტი ნოვიჩოკი, რომლითაც ის მოწამლეს, ქალაქ ტომსკის სასტუმროში, მის ოთახში, წყლის ცარიელ ბოთლზე აღმოაჩინეს.

ქიმიური იარაღის ნოვიჩოკის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ ტაბულას სტატიაში - კრემლის პრობლემების საბჭოთა წამალი - რა არის "ნოვიჩოკი"?

ალექსეი ნავალნიზე ვრცლად წაიკითხეთ ტაბულას სტატიაში - "უცხო თავისიანთა შორის და თავისიანი უცხოთა შორის - ვინ არის ალექსეი ნავალნი".

კომენტარები