რამდენად ეფექტურია ნიღაბი COVID-19-ის წინააღდეგ?

ცნობილია, რომ საავადმყოფოებისთვის განკუთვნილი რესპირატორული ნიღბები (N95) ამცირებს პერსონალში SARS-CoV-2 ის გადაცემას. მაგრამ რამდენად ეფექტიანია სხვადასხვა ნაირსახეობის ნიღბები, რომლებსაც საზოგადოება იყენებს? 

მეცნიერების ამჟამინდელი კონსესუსი მხარს უჭერს ნიღბების ტარებას, კვლევები აჩვენებს, რომ მათ შეუძლიათ სიცოცხლის გადარჩენა ბევრი სხვადასხვა გზით: გარდა იმისა, რომ ისინი ამცირებენ ალბათობას დაავადდნენ ახალი კორონავირუსით და სხვას გადასდო ინფექცია, კვლევები ასევე მიუთითებს იმაზეც, რომ ნიღაბი ამცირებს დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეს.  

სტანდარტული N95 რესპირატორი ფილტრავს ჰაერში არსებული ნაწილაკების 95%-ს, რომელთა ზომა 0.3 მიკრომეტრს აღემატება. პანდემიის მასშტაბების ზრდასთან ერთად ეს რესპირატორები დეფიციტში აღმოჩნდა, რამაც წამოჭრა სადავო საკითხი: უნდა ატარონ თუ არა ადამიანებმა ჩვეულებრივი ქირურგიული სახის ნიღბები? თუ ასეა, რა შემთხვევაში? ასეთ რაღაცებს, როგორც წესი, მეცნიერები კლინიკურ კვლევებში ადგენდნენ, მაგრამ ახლა ამის დრო არ ჰქონდათ და მხოლოდ კვლევის ობსერვაციულ და ლაბორატორიულ მეთოდებს დაეყრდნენ. ასევე, არსებობდა არაპირდაპირი მტკიცებულებები სხვა ინფექციური დაავადებებისგან. 

ნდობა ნიღბების მიმართ პირველად გაჩნდა ივნისში, როდესაც მისურის შტატში გავრცელდა ინფორმაცია ორი თმის სტილისტის შესახებ, რომელთაც COVID-19 აღმოაჩნდათ. ორივე მათგანს ნიღაბი ეკეთა და მიუხედავად იმისა, რომ მათ გადასდეს ვირუსი ოჯახის წევრებს, ახალი კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ მათ კლიენტებს. სხვა მინიშნებები ნიღბების ეფექტურობაზე მასობრივ თავყრილობებზე დაკვირვებამ გამოავლინა. აშშ-ში Black Lives Matter-ის პროტესტებისას დამსწრეთა უმრავლესობას ნიღაბი ეკეთა. ამ მოვლენებს არ გამოუწვევია ინფექციის პიკი. ამისგან განსხვავებით, ვირუსი ძალიან სწრაფად გავრცელდა ჯორჯიის საზაფხულო ბანაკში, სადაც დამსწრე ბავშვებს არ ევალებოდათ სახის ნიღაბის გაკეთება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ დემონსტრანტები გარეთ იყვნენ, რაც COVID-19- ის გავრცელების ნაკლებ რისკს წარმოადგენს, ხოლო ბანაკში მყოფები ღამეს ერთ სივრცეში ატარებდნენ. თუმცა, ეს კვლევა მაინც წარმოადგენდა ნიღბების ეფექტიანობის ანეკდოტურ მტკიცებულებას.

მომდევნო, უფრო ზედმიწევნით შესრულებულმა მომდევნო მონაცემებს სხვა მტკიცებულებები დაუმატა. ჟურნალ Nature-ში აგვისტოში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სიკვდილიანობის ზრდა, სხვა რეგიონებთან შედარებით, ოთხჯერ დაბალი იყო იმ ადგილებში, სადაც ნიღბები ნორმა იყო ან სახელმწიფო რეკომენდაციას უწევდა მათ ტარებას. მკვლევრებმა შეისწავლეს 200 ქვეყანა, მონღოლეთის ჩათვლით, სადაც ნიღბების ტარების განკარგულება იანვარში გამოსცეს და მაისამდე COVID-19-თან დაკავშირებული სიკვდილის შემთხვევა არ ჰქონიათ. სხვა კვლევაში, რომელიც სწავლობდა ნიღბის ტარებაზე აშშ-ს ხელისუფლების განკარგულების გავლენას აპრილში და მაისში, მკვლევრებმა გამოთვალეს, რომ განკარგულების შემდეგ COVID-19- ის შემთხვევები დღეში 2%-ით იკლებდა. კვლევის თანახმად, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ამ განკარგულებებმა 450 000 შემთხვევის თავიდან არიდება შეძლო. 

"ბევრი მათემატიკის ცოდნა არ გჭირდებათ იმის მისახვედრად, რომ ნიღბის ტარება კარგი იდეაა." –ამბობს კვლევითი გუნდის ხელმძღვანელი, ჯერემი ჰოვარდი. 

თუმცა, მსგავსი კვლევები ემყარება დაშვებას, რომ ადამიანები ემორჩილებიან განკარგულებებს და იკეთებენ ნიღებს და სწორად იკეთებენ. გარდა ამისა, ნიღბები ხშირად თანხვდება სხვა ცვლილებებს, როგორებიცაა თავშეყრის შეზღუდვები. მეცნიერებს არ შეუძლიათ, აკონტროლონ მსგავსი ცვლადები ადამიანის პოპულაციებში, მაგრამ მათ ამის გაკეთება ცხოველების კვლევებში შეუძლიათ. ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ვირუსით დაავადეს ჯანმრთელი ზაზუნები მომიჯნავე გალიებში. ბარიერის გარეშე დაავადდა ჯანმრთელი ცხოველების ორი მესამედი, ხოლო ნიღბით დაცული ცხოველების მხოლოდ 25% და ისინი, ვინც დაავადდნენ უფრო მსუბუქად გადაიტანეს ინფექცია, ვიდრე უნიღბო მეზობლებმა. 

"ეს მიგნებები ამართლებს ახალ კონსესუსს, რომ ნიღაბი არა მხოლოდ გიცავთ ინფექციისგან, არამედ ინფექციის მძიმე ფორმისგანაც". – ამბობს მონიკა განდი, სან ფრანცისკოს უნივერსიტეტის ინფექციონისტი. იგი ივნისში გამოქვეყნებული კვლევის ავტორია, რომელიც ამტკიცებს, რომ ნიღბის ტარება ამცირებს მიღებული ვირუსის დოზას და შედეგად განვითარებული ინფექცია უფრო მსუბუქი ან ასიმპტომური ფორმით მიმდინარეობს, რადგან ვირუსის უფრო მაღალი დოზა უფრო აგრესიულ ანთებით რეაქციას იწვევს. 

ამჟამად იგი კოლეგებთან ერთად იკვლევს ჰოსპიტალიზაციის სიხშირეს COVID-19 სთვის ნიღბის ტარების განკარგულების შემოღებამდე და შემოღების შემდეგ აშშ-ს ათასამდე ქალაქში, რათა განსაზღვროს თუ რამდენად შემცირდა დაავადების სიმძიმე მას შემდეგ, რაც ნიღბის ტარების რეკომენდაციები შემოიღეს. განდი ასევე ფიქრობს, რომ შეიძლება იყოს კიდევ ერთი შესაძლო სარგებელი: თუ მეტ ადამიანს ექნება უფრო მსუბუქი ფორმა, ეს დაეხმარება იმუნიტეტის გაძლიერებას პოპულაციის დონეზე. 

ნიღბებთან დაკავშირებული დებატი მჭიდროდაა დაკავშირებული სხვა საორჭოფო კითხვასთან: როგორ ვრცელდება ვირუსი ჰაერში? როდესაც ადამიანი სუნთქავს, ლაპარაკობს, აცემინებს ან ახველებს, ის გამოჰყოფს თხევად ნაწილაკებს. ზოგიერთი მათგანი დიდი ზომისაა და ხილულია, მათ წვეთებს უწოდებენ; სხვები მიკროსკოპული და უხილავია და მას აეროზოლი ეწოდება. ვირუსები, SARS-CoV-2 ის ჩათვლით, ამ ნაწილაკების მეშვეობით ვრცელდებიან. წვეთს შეუძლია, გადაადგილდეს ჰაერში და ახლოს მყოფი ადამიანს ცხვირზე, პირზე ან თვალზე დაეცეს. მაგრამ გრავიტაციის გავლენით ისინი მალევე ძირს ეცემიან. ამისგან განსხვავებით, აეროზოლს შეუძლია ჰაერში ტივტივი წუთების და საათების განმავლობაში. 

რას გვეუბნება ეს ნიღბის უნარზე შეაფერხოს COVID-19 ის გადაცემა? ვირუსი მხოლოდ 0.1 მიკრომეტრის დიამეტრისაა. ვინაიდან ვირუსები თავისით არ ტოვებენ სხეულს, ნიღაბმა არ უნდა აფერხებდესთავად ამ ნაწილაკებს, რათ ეფექტური იყოს, არამედ უნდა შეაფერხოს უფრო დიდი ზომის პათგენის გადამტანი წვეთები და აეროზოლები, რომელთა ზომა 1-10 მიკრომეტრამდე მერყეობს. მეცნიერება ჯერ არ იციან, რა ზომის ნაწილაკია ყველაზე მნიშვნელოვანი COVID-19 ის გადაცემაში. ბევრს სჯერა, რომ კორონავირუსის პანდემიას ძირითადად ასიპტომური ტრანსმისია ამოძრავებს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ვირუსი არ ვრცელდება ხველებით და ცემინებით, არამედ ძირითადი ტრანსპორტი აეროზოლებია.

ღირს ჩავეძიოთ იმას, თუ რომელ ნიღბებს შეუძლიათ აეროზოლის შეჩერება. N95-ი აეროზოლის 90%-ს აჩერებს. ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინერის, ლინსი მარის კვლევის თანახმად, ბამბის მაისურსაც კი შეუძლია ჩასუნთქული აეროზოლის 50%-ის და ამოსუნთქულის 80%-ის შეჩერება. თუ აეროზოლის ზომა 4-5 მიკრომეტრია, ნებისმიერ ქსოვილს შეუძლია ორივე მხრივ ნაწილაკების 80%-ზე მეტი გაფილტვრა. უფრო ეფექტურია მჭიდროს ნაქსოვი ნიღაბი რამდენიმე შრით. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ნიღაბს, რომელიც სხვადასხვა მასალებისგან შედგება - როგორებიცაა ბამბა და აბრეშუმი - შეუძლია აეროზოლის დაჭერა უფრო ეფექტურად, ვიდრე ერთი მასალისგან აგებულს.

ნიღბების ეფექტიანობა უფრო მეტი გახდება ნოემბერში, როდესაც გამოქვეყნდება  სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის მიმდინარე ყველაზე მასშტაბური რენდომიზირებული კონროლირებადი კვლევა, რომელიც გვინეა-ბისაუში 40 000 ადამიანზე ტარდება. მკვლევრები შემთხვევითი გადანაწილებით არჩევენ ოჯახებს, რომლებსაც ორშრიან ნიღაბებს დაურიგებენ - ორ ცალს ოჯახის თითო წევრს. შემდეგ გუნდი თვალს მიადევნებს მათ რამდენიმე თვის განმავლობაში და შეადარებს ნიღბის გამოყენების სიხშირეს COVID-ის სიხშირესთან. ეს კვლევა საბოლოოდ ნათელს მოჰფენს ნიღბების ეფექტიანობა დაკავშირებულ კითხვებს. 

კომენტარები