თენგიზ ცერცვაძე

ცერცვაძე: პირადი მოსაზრებების გამო ვაპირებდი გადადგომას

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ადასტურებს, რომ თანამდებობიდან გადადგომას "პირადი მოსაზრებების გამო" ნამდვილად აპირებდა, თუმცა გადაიფიქრა. ამის შესახებ მან TV პირველთან ინტერვიუში ილაპარაკა.

"მქონდა რაღაც ჩემი პირადი მოსაზრებები, ყველა ადამიანს აქვს პირადი მოსაზრებები. არ არის იშვიათი სიტუაცია, როდესაც ადამიანი ფიქრობს, ხომ არ ჯობია, რომ გადადგეს. რატომ, ამას არ დავაზუსტებ. გადაწყვეტილება შევცვალე იმიტომ, რომ ჩავთვალე, ახლა, როცა არის შემთხვევების მატება და როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევების მატებას არ მოჰყვეს სიკვდილიანობის მატება, ჩემი გადადგომა არ იქნებოდა კარგი, რამეთუ მე ვარ კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი და ვახორციელებ კოორდინაციას ქვეყანაში ყველა პაციენტის მკურნალობასა და მოვლაზე" - თქვა ცერცვაძემ.

კითხვაზე, ხომ არ იყო გადადგომის მცდელობის მიზეზი მთავრობის წევრებთან დაპირისპირება, თენგიზ ცერცვაძე უარყოფითად პასუხობს. მისი თქმით, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას არაერთხელ შეხვდა, "თუმცა, მასთან შეხვედრას გადაფიქრებასთან კავშირი არ ჰქონია". 

"ჩემი გადაწყვეტილება დაკავშირებული იყო რაღაც ჩემს მოსაზრებებთან, ყველას აქვს განსხვავებული მოსაზრება ყველა პროცესთან დაკავშირებით". – ამბობს ცერცვაძე.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ადასტურებს, რომ ის ადრეც აპირებდა თანამდებობის დატოვებას, "მაგრამ ადრე სხვა მიზეზი იყო". 

"მაშინ არ იყო კოვიდ-პანდემია, ადრე მიზეზი იყო ის, რომ წლების მანძილზე ჩვენი ინფრასტრუქტურა იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ჩემი გადადგომის წინა მცდელობა მთლიანად დამოკიდებული იყო ჩვენს ამ მოთხოვნასთან, რომ გაუმჯობესებულიყო ჩვენი ინფრასტრუქტურა და მიგვეღო ახალი შენობა". – ამბობს ცერცვაძე. 

პირველ ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებდა. იმავე საღამოს განცხადება ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსმა, გიორგი ბერაძემ გააკეთა და თქვა, რომ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება.

კომენტარები