ალექსეი ნავალნი

Levada Center: რუსეთში გამოკითხულთა 55%-ს არ სჯერა, რომ ალექსეი ნავალნი მოწამლეს

ალექსეი ნავალნი

Levada Center-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რუსეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტს, 55%-ს, არ სჯერა, რომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოწამლეს. პოლიტიკოსის მოწამვლის მოსახლეობის მესამედს, 33% – სჯერა.

მათ შორის, ვისაც სჯერა, რომ ნავალნი მოწამლეს, 30%-თვლის, რომ ამის უკან რუსეთის მთავრობა დგას. 8% მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსის მოწამვლაში დამნაშავე ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის გამოძიებებთანაა დაკავშირებული, ხოლო 8% თვლის, რომ მოწამვლაზე პასუხისმგებელი დასავლური სადაზვერვო სამსახურებია.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 77%-ს სმენია ნავალნის მოწამვლის შესახებ, 18% ყურადღებით ადევნებს თვალს ნავალნისთან დაკავშირებულ მოვლენებს. 

გამოკითხულთა 20% დადებითად აფასებს ნავალნის საქმიანობას, 50% კი - უარყოფითად. 18%-ს კი საერთოდ არ სმენიათ ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე.

მათ შორის, ვინც ნავალნის საქმიანობას იცნობს, 31% მის მიმართ ნეიტრალურადაა განწყობილი, 10% პატივს სცემს, 8% წუხს მისი მდგომარეობის გამო, 10%-ს არ მოსწონს ის. 14% თქვა, რომ მასზე კარგს ვერაფერს იტყოდა.

ნავალნი შეუძლოდ გახდა 20 აგვისტოს თვითმფრინავში, ტომსკი-მოსკოვის რეისზე. ის ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რუსმა ექიმებმა მის ორგანიზმში საწამლავის კვალი ვერ იპოვეს, თუმცა ოჯახის, მხარდამჭერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით ოპოზიციონერი ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. გერმანელმა ექიმებმა, მოგვიანებით კი შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ნავალნის ორგანიზმში ნოვიჩოკის ტიპის ნერვული აგენტი აღმოჩნდა.

ნავალნის გუნდში ამბობენ, რომ ნერვული აგენტი ნოვიჩოკი, რომლითაც ის მოწამლეს, ქალაქ ტომსკის სასტუმროში, მის ოთახში, წყლის ცარიელ ბოთლზე აღმოაჩინეს.

ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკიდან 22 სექტემბერს 32-დღიანი მკურნალობის შემდეგ გაწერეს. ნავალნიმ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 24 დღე გაატარა. ის გერმანიაში რეაბილიტაციის კურსის ბოლომდე დარჩება.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის თქმით, ნავალნის მოწამვლის საქმე ბადებს "ძალიან სერიოზულ კითხვებს, რომლებზე პასუხის გაცემაც მხოლოდ რუსეთის მთავრობას შეუძლია და მათ ეს უნდა გააკეთონ".

კანცლერის სპიკერმა მიმდინარე თვის დასაწყისში თქვა, რომ მერკელი ნავალნის მოწამვლის გამო გაზსადენ Nordstream 2-ზე სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა განაცხადა, რომ, თუ რუსეთი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს, გერმანიას მოუწევს, გადახედოს გაზსადენ Nord Stream 2-ის პროექტს.

თავად ალექსეი ნავალნიმ თავის მოწამვლაში ვლადიმირ პუტინი დაადანაშაულა

"მე მჯერა, რომ პუტინი ამ დანაშაულის უკან დგას და მომხდარის შესახებ არ მაქვს სხვა ვერსია". - განაცხადა ნავალნიმ გერმანულ მედიასთან საუბრისას.

ალექსეი ნავალნიზე ვრცლად წაიკითხეთ ტაბულას სტატიაში - "უცხო თავისიანთა შორის და თავისიანი უცხოთა შორის - ვინ არის ალექსეი ნავალნი".

კომენტარები