პროკურატურამ მარნეულში 29 სექტემბერს მომხდარ ინციდენტზე 3 პირს ბრალი წარუდგინა. უწყების ცნობით ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ლ.ქ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ჩადენილი ძალადობა) წარედგინა.
ასევე ძალადობის ფაქტებზე გ.შ.-ს ბრალდება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" პუნქტებით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ), ხოლო გ.ჯ-ს 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ.
"გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 29 სექტემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ.მარნეულში, №22-ე მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ლ.ქ.-მ იძალადა ც.ბ.-ს მიმართ.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2020 წლის 29 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ.მარნეულში, შოთა რუსთაველის ქუჩა №67-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, გ.შ.-მ, სხვა პირებთან ერთად ჯგუფურად ძალადობა განახორციელა დ.ქ.-ს, ლ.ქ.-ს და გ.ქ.-ს მიმართ, ხოლო გ.ჯ.-მ, გ.შ.-სთან და სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, იძალადა გ.ქ.-ს მიმართ". – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდების მხარე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უზრუნველყოფით გირაოს – 5 000 ლარის შეფარდების შუამდგომლობით.
მარნეულში 29 სექტემბერს, მთელი დღის განმავლობაში ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის ხელჩართული დაპირისპირება მიმდინარეობდა. საღამოს ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა, რა დროსაც ენმ-ის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მოგვიანებით თავს დაესხნენ მთავარი არხის გადამღები ჯგუფის ორ ჟურნალისტსა და ორ ოპერატორს, სცემეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორსაც.





