აშშ-ჩინეთი

სი ძინფინგი ტრამპს კორონავირუსისგან სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს

დონალდ ტრამპი / სი ძინპინი

ჩინეთის მმართველმა, სი ძინფინგმა და მისმა ცოლმა, ფენგ ლიიუანმა, აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და პირველ ლედის, მელანია ტრამპს, წერილი მისწერეს. 

ისინი იმედოვნებენ, რომ დონალდ ტრამპი და მისი ცოლი ახალი კორონავირუსისგან მალე გამოჯანმრთელდებიან

ამის შესახებ ინფორმაციას კომუნისტური ჩინეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული, ინგლისურენოვანი მედია ავრცელებს.

აშშ-ს პრეზიდენტს და პირველ ლედის, მელანია ტრამპს, ახალი კორონავირუსი 2 ოქტომბერს დაუდასტურდათ.

დიდი სიფრთხილის გამო და ექიმების რეკომენდაციით, დღეს ტრამპი ვაშინგტონის უოლტერ რიდის სამხედრო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აშშ უკვე თვეებია, ჩინეთს ადანაშაულებს ახალ კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვისა და ჩახშობისთვის. ჩინეთი ბრალდებას უარყოფს.

22 სექტემბერს ტრამპმა, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვირტუალურად სიტყვით გამოსვლის დროს, ორგანიზაციას მოუწოდა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიაზე ჩინეთს მისი ქმედებების გამო პასუხი აგებინოს. 

ამჟამად ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში ყველაზე გაუარესებულია და არა მხოლოდ ახალი კორონავირუსის გავრცელების, არამედ ჰონგ-კონგის, ტაივანის, ჩინეთის სინძიანგის საკონცენტრაციო ბანაკების საკითხის გამო და სხვ.

კომენტარები