აშშ

დონალდ ტრამპი საავადმყოფოში გადაიყვანეს [VIDEO]

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ვაშინგტონის უოლტერ რიდის სამხედრო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აშშ-ს პრეზიდენტს და პირველ ლედის, მელანია ტრამპს, ახალი კორონავირუსი 2 ოქტომბერს დაუდასტურდათ.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პრეზიდენტი კვლავ კარგ ხასიათზეა, ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს და დღის განმავლობაში ის მუშაობდა - "დიდი სიფრთხილის გამო, მისი ექიმისა და მედიცინის ექსპერტების რეკომენდაციით, პრეზიდენტი უოლტერ რიდის საპრეზიდენტო ოფისიდან იმუშავებს შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში".

ექიმის ინფორმაციით, ტრამპს ექსპერიმენტული წამალი გაუკეთეს.

ტრამპმა საავადმყოფოში წასვლამდე თეთრი სახლიდან ვიდეო გაავრცელა და თქვა - "მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო უდიდესი მხარდაჭერისთვის. მე უოლტერ რიდის საავადმყოფოში მივდივარ. ვფიქრობ, ძალიან კარგად ვარ. მაგრამ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი გამოვა. პირველი ლედი თავს ძალიან კარგად გრძნობს. ამიტომ, დიდი მადლობა, მე ამას ძალიან ვაფასებ და არასდროს დავივიწყებ".

მოგვიანებით მან სოციალურ ქსელში ტვიტი გამოაქვეყნა: "ჩემი აზრით, კარგად მიდის! ყველას დიდი მადლობა. სიყვარულით!!!".

პრეზიდენტი არ გრძნობს თავს ისე ცუდად, რომ თავისი მოვალეობები ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსისთვის გადაებარებინა. იმ შემთხვევაში, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდება, მოქმედი პრეზიდენტი დროებით პენსი გახდება.

კომენტარები