არჩევნები 2020

არასამთავრობოები სუს-ს მოუწოდებენ, გამოიძიოს დოსიეს მასალები პატრიოტთა ალიანსის შესახებ

ტაბულა

არასამთავრობო ორგანიზაციები საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებენ გამოიძიონ გამოცემა დოსიეს მასალები, რომლებშიც პატრიოტთა ალიანსის კრემლთან დაკავშირებული პირების მიერ დაფინანსებაზეა ლაპარაკი. განცხადებაზე ხელს აწერს 17 ორგანიზაცია .

ორგანიზაციების თანახმად, საქართველოს საგამოძიებო და უსაფრთხოების უწყებებს გამოქვეყნებულ მასალებზე ამ დრომდე, არათუ საგამოძიებო მოქმედებები არ დაუწყიათ, არამედ ოფიციალური განცხადებაც კი არ გაუვრცელებიათ.

"მიგვაჩნია, რომ დოსიეს გამოქვეყნებული ანგარიშების გამოძიების აუდიტის სამსახურისთვის გადაცემა და მისი მხოლოდ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ჭრილში განხილვა არ არის საკმარისი, რადგან კვლევაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, პატრიოტთა ალიანსის მიერ შესაძლოა სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის ნიშნები იკვეთებოდეს.

შესაბამისად, მივმართავთ ყველა პასუხისმგებელ ინსტიტუტსა და უწყებას, რომ დოსიეს გამოქვეყნებულ ანგარიშებს მეტი ყურადღებითა და პასუხისმგებლობით მოეკიდონ." - წერია განცხადებაში.

ორგანიზაციები მოუწოდებენ პროკურატურასა და სუს-ს, ჩაატარონ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რადგან დოსიეს გამოქვეყნებული ანგარიშები შეიცავს შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. 

შეგახსენებთ, რომ რუსი ბიზნესმენის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია დოსიემ აგვისტოში ჩაატარა გამოძიება, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ პატრიოტთა ალიანსს საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში ეხმარება კრემლთან დაკავშირებული რამდენიმე პირი, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ.

განცხადებაზე ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  • რონდელის ფონდი (GFSIS)
  • ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  • სამოქალაქო იდეა
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRDIC)
  • საფარი
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

კომენტარები