დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანი ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე სწრაფ იზოლაციას ექვემდებარება. ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანი თვითიზოლაციაში 14 დღის განმავლობაში უნდა იყოს.
"ერთ-ერთი მთავარი ახალი მიდგომა რაც გვექნება, იქნება ის, რომ ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები, რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე, ექვემდებარებიან სწაფ იზოლაციას. თუ არის სახლში თვითიზოლაციის საშუალება, რჩება ბინაზე, თუ არა და კარანტინში გადავა 14 დღის განმავლობაში. 14 დღე ყოფნა კარანტინში ან იზოლაციაში, ყოველგვარი კვლევის გარეშე, ამაზე ახალი პროტოკოლი შემუშავდება. თუ მას სიმპტომები უჩნდება, გამოიძახებს 112-ს, უკეთებენ კვლევას და, შესაბამისად, შემდეგ სხვა პროტოკოლით გაგრძელდება მართვა“, - თქვა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმითვე, თუ 14 დღის განმავლობაში კონტაქტს სიმპტომები არ გამოუვლინდება, ის ტესტირების გარეშე დაუბრუნდება ჩვეულ სოციალურ ცხოვრებას.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 453 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 295 ადამიანი და გარდაიცვალა 5 პაციენტი.





