დაპირისპირება მარნეულში

გიორგაძე მთავარის ჟურნალისტზე: ღობეზე რომ გადახტა, ასფალტზე წამოწვა, ვითომ ნაცემი იყო

მარნეულში ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და საკრებულოს წევრი ამირან გიორგაძე ინფორმაციას, რომ მთავარი არხის ჟურნალისტს, ჯეიხუნ მუჰამედლის სცემა, დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს.   

გიორგაძე ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში ამბობს, რომ, როგორც მას უთხრეს, მას შემდეგ, რაც მუჰამედალი გაიქცა და ღობეზე გადახტა, "ასფალტზე წამოწვა, ვითომ ნაცემი იყო."

"არსად არ ვიმალები, სამუშაო პროცესში ვარ, აქ ვარ, თუ ვისმეს რამე პრეტენზია და კითხვები აქვს, მზად ვარ, პასუხი გავცე.  

მიზანი ის არის, რომ მე ვარ შტაბის უფროსი, კარგად მიმყავს შტაბის საქმიანობა, ვარ საკრებულოს თავმჯდომარე და პირდაპირ ჩემზე კეთდება აქცენტი.  

როდესაც მთავარი არხის ჟურნალისტი მე მადებს ხელს, იქ კადრებში ისმის, რომ ასახელებს, ამირან გიორგაძეს ვეძებო, მერე ხელს მადებს, რომ თურმე მე დამირტყია. არის თუ არა ეს სიცრუე? მე აქ ვიყავი, შტაბში და რომ გამოვედი, ის ჯეიხუნი გარბოდა ფეხით. ბიჭებმა მითხრეს, როგორც კი ღობეზე გადახტა, ასფალტზე წამოწვა, ვითომ ნაცემი იყო. რის დაზიანებები აქვს? მე არ ვიცი, ახლა, ექსპერტი არ ვარ. 

იქ კადრებში ვჩანვარ მე, როცა უკვე ვაშველებ ხალხს. სადმე მაჩვენეთ, რომ მე ვიღაცას ვურტყამ. მე რა ვიცი, ვინ მიაყენა [დაზიანებები] კაცო?" - ამბობს გიორგაძე. 

29 სექტემბერს, მთელი დღის განმავლობაში ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის ხელჩართული დაპირისპირება მიმდინარეობდა. საღამოს ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა, როცა ენმ-ს წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

მოგვიანებით თავს დაესხნენ მთავარი არხის გადამღები ჯგუფის ორ ჟურნალისტსა და ორ ოპერატორს, სცემეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორსაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო, როგორც ენმ-ს წევრებზე თავდასხმის, ისე ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე.

კომენტარები