დაპირისპირება მარნეულში

ჟვანია: მიუღებელია მარნეულში მომხდარი დაპირისპირება მხარეებს შორის

ტაბულა

"საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია 29 სექტემბრის ღამეს მარნეულში განვითარებული მოვლენები და დაპირისპირება საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს შორის". – ასე ეხმაურება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია მარნეულში ენმ-სა და ქართული ოცნების წევრებს შორის მომხდარ დაპირისპირებას.

თამარ ჟვანია მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, კონფლიქტისას მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი და მისი ოჯახის წევრი დაშავდნენ.

"ამ ძალადობის დროს დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები. დაუშვებელია ამ ფორმებით ჟურნალისტების საქმიანობის ხელის შეშლა. ხელისუფლებამ და პასუხისმგებელმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ზომები რეაგირებისა და პრევენციის მიზნით. თავის მხრივ, ყველა პოლიტიკურმა მხარემ ხელი უნდა შეუწყოს საარჩევნო პროცესების მშვიდ ვითარებაში წარმართვას. საარჩევნო ადმინისტრაცია ვგმობთ ძალადობას და ნებისმიერ ისეთ ქმედებას, რაც ახალისებს ძალადობას და რაც პირდაპირ აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული საარჩევნო პროცესების წარმართვას". – წერს ჟვანია.

მარნეულში გუშინ, 29 სექტემბერს, მთელი დღის განმავლობაში ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის ხელჩართული დაპირისპირება მიმდინარეობდა. საღამოს ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა, რა დროსაც ენმ-ს წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

მოგვიანებით თავს დაესხნენ მთავარი არხის გადამღები ჯგუფის ორ ჟურნალისტსა და ორ ოპერატორს, სცემეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორსაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო როგორც ენმ-ს წევრებზე თავდასხმის ფაქტზე, ისე ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზეც.

კომენტარები