თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს

თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ წულუკიანმა მისი მინისტრობის რვაწლიანი ანგარიშის წარდგენისას თქვა. 

მისი თქმით, ის 2 დღეში საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება, ამიტომ კანონის თანახმად, თანამდებობის დატოვება მოუწევს. 

"ვიდრე მე და ჩემი გუნდის ზოგიერთი წევრი უკვე ორ დღეში საარჩევნო კამპანიაში კანდიდატის სტატუსით ჩავერთვებით, კანონი გვავალებს, თანამდებობებიდან გადავდგეთ და შევაჯამოთ ჩვენი რვაწლიანი საქმიანობა იუსტიციის სამინისტროში". – თქვა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი 10 სექტემბერს ქართულმა ოცნებამ პროპორციული საარჩევნო სიის მეოთხე ნომრად წარადგინა. ამასთან, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, იუსტიციის მოქმედმა მინისტრმა მედიასთან თქვა, რომ 8 წელი საკმარისი დროა იმისათვის, რომ ადამიანი ერთ სისტემას ხელმძღვანელობდეს. მინისტრმა იანვარში გაკეთებულ კომენტარში იმაზეც მიანიშნა, რომ ახალი პარლამენტის დაკომპლექტების შემდეგ, ის ამ თანამდებობას აღარ დაიკავებდა, თუმცა, პოლიტიკაში დარჩებოდა.

თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრად ხელისუფლების ცვლილებიდან მალევე, 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა, ბიძინა ივანიშვილის პრემიერმინისტრად ყოფნის პერიოდში. 

ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დიდი სამთავრობო ცვლილებები რამდენჯერმე განხორციელდა, თუმცა თეა წულუკიანი, დიდი მარცხებისა და მისი გადაყენების არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე იკავებდა თანამდებობას. მისი მინისტრობის პერიოდში 5 პრემიერმინისტრი გამოიცვალა – ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, მამუკა ბახტაძე და გიორგი გახარია. 

იუსტიციის მინისტრის რანგში თეა წულუკიანმა არაერთი გახმაურებული საქმე წააგო, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ სასამართლოებში. ნახეთ თითქმის ყველა მარცხი აქ. 

კომენტარები