ნატო-საქართველო

სტოლტენბერგი: იმედი გვაქვს, რომ არჩევნები უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს

გიორგი გახარია და იენს სტოლტენბერგი
NATO

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს პარტნიორობაზე ისაუბრა. მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობისა და საქართველოში გასატარებელი რეფორმების საკითხები:

"საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. თქვენ ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში დიდი წვლილი შეგაქვს სხვადასხვა გზით, მათ შორის ავღანეთში ნატოს საწვრთნელ მისიებში მონაწილეობით.

დღევანდელი შეხვედრისას განვიხილეთ საქართველოსა და ნატოს ახლო თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე. მიმდინარე წელს მოკავშირეები პარტნიორობის გაძლიერებაზე შევთანხმდით. ეს მოიცავს მეტი საჰაერო რადარების მონაცემების გაზიარებას, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ერთობლივად მუშაობასა და ასევე, ერთობლივ წვრთნებს შავი ზღვის რეგიონში.

ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება და გაიყვანოს ძალები.

ჩვენ მივესალმებით საქართველოს პროგრესს რეფორმებში. თქვენმა ქვეყანამ უკვე კარგი პროგრესი გვანახა შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციაში და დემოკრატიის გაძლიერებაში. მოგიწოდებთ, გააგრძელოთ ნატოსთან დაახლოების შესაძლებლობების ბოლომდე გამოყენება და წევრობისათვის მზადება. იმედი გვაქვს, რომ მომავალი თვის არჩევნები უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ეს მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ნატოსთვის...

...მე ხაზი გავუსვი სასამართლო რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას და ასევე იმის უზრუნველყოფას, რომ უშიშროების სამსახურებზე იყოს სრული დემოკრატიული ზედამხედველობა". – თქვა მან.

კომენტარები