ნატო-საქართველო

ბრიდლოვი: ნატოსთვის გაღებული წვლილის მხრივ საქართველო უკვე გავიდა ფინიშის ხაზზე

ფილიპ ბრიდლოვი

ნატოს ჯარების ყოფილი მთავარსარდალი, გადამდგარი გენერალი, ფილიპ ბრიდლოვი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აგვისტოს ომზე, რუსულ ოკუპაციაზე და ნატოს წევრობაზე საუბრობს.

"რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადაკვეთა საერთაშორისოდ აღიარებული სხვა ქვეყნის საზღვარი და მოახდინა სხვა ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია. ეს ფუნდამენტური გარდატეხა იყო. სამწუხაროდ ბევრმა ვერ დაინახა რა მოხდა საქართველოში და რეალურად რა იყო რუსეთის ზრახვები მანამ, სანამ რუსეთმა ყირიმსა და დონბასში საერთაშორისო საზღვრები ჯარით კიდევ ერთხელ არ გადაკვეთა". – ამბობს ბრიდლოვი აგვისტოს ომზე საუბრისას.

მას მიაჩნია, რომ ნატოსთვის გაღებული წვლილის თვალსაზრისით საქართველო "ფინიშის ხაზზე გავიდა".

"სულ მოსახლეზე არავის ჰყავს იმდენი ჯარისკაცი ავღანეთის ძალისხმევაში, რამდენიც საქართველოს. სულ მოსახლეზე არავის დაუკარგავს საქართველოზე მეტი ჯარისკაცი. როცა საქართველოს ზომაზე ფიქრობ და აცნობიერებ იმას, თუ რამდენი გაიღო ქვეყანამ, დაინახავ, რომ ავღანეთის მისიაში მათზე მეტი წვლილი არავის მიუძღვის.

მე უღრმესი პატივისცემას გამოვხატავ ერთის მხრივ, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამოქალაქო ხელმძღვანელების მიმართ და მეორეს მხრივ, ჩემი სამხედრო ძმებისა და დების მიმართ, რომლებიც მსახურობენ და რომლებმაც მსხვერპლი გაიღეს. საქართველოზე მეტი ნატოსთვის არავის გაუღია. ჩვენ ისინი ძალიან გვიყვარს და მათი მადლიერები ვართ. სამოქალაქო სფეროში მე დიდი ექსპერტი არ ვარ, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით, მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც ვთხოვეთ. მათ ყველა მოლოდინს გადააჭარბეს, როცა საქმე სამხედრო ადაპტაციას და წვლილის შეტანას ეხებოდა. ჩემი აზრით, საქართველო უკვე გავიდა ფინიშის ხაზზე, როცა საქმე ნატოსთვის გაღებულ წვლილს ეხება". – თქვა მან.

კომენტარები