კორონავირუსი საქართველოში

ხუნდაძე: შესაძლოა, ინფიცირებულების გარკვეული მატება იყოს, ველოდებით, რომ თანდათან დაიკლებს

პარლამენტი

"მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს დღეებში, შესაძლოა, გარკვეული მატება ისევ შეინიშნებოდეს, ვვარაუდობთ, რომ მოვახერხებთ სტაბილიზაციას და ველოდებით, რომ ინფიცირებულთა რიცხვი თანდათან დაიკლებს". – ამის შესახებ ჯანრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იღებს სახელმწიფო მკაცრ ზომებს ახლა, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა ბევრად მეტია, ვიდრე მაშინ, როდესაც კოვიდ 19-ის შემთხვევების მცირე რაოდენობის მიუხედავად, საგანგებო მდგომარეობა იყო შემოღებული, ხუნდაძე განმარტავს, რომ დღეს საქართველო ბევრად უკეთ არის მზად ვირუსთან საბრძოლველად, ვიდრე ეს აქამდე იყო.

"მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო დღეს არის უკეთ მზად, ვიდრე ეს აქამდე იყო. შესაბამისად, უარესის მოლოდინი დღეს ნამდვილად არ გვაქვს. დღეს აღარ არსებობს დეფიციტი იმ აუცილებელი საჭიროებების, რა დეფიციტიც მანამდე შეინიშნებოდა, მაგალითად, ნიღბები, ასევე ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. ასევე, კლინიკებსაც აქვთ უფრო მეტი გამოცდილება, თუ როგორ მართონ მძიმე პაციენტი. სიკვდილიანობის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი არის სწორედ ეს. ვფიქრობ, პანიკის საფუძველი ქვეყანაში არ არსებობს მაგრამ სიფრთხილე აუცილებლად გვმართებს". – ამბობს ხუნდაძე. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში ახალი კორონავირუსი კიდევ 314 ადამიანს დაუდასტურდა. ვირუსისგან განიკურნა 270 ადამიანი. 

ჯამში ქვეყანაში ვირუსი ახალი კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა აღრიცხული, საიდანაც 2 324 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 34 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

კომენტარები