ბელარუსი

ემანუელ მაკრონი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას, შეხვდა

ემანუელ მაკრონი და სვეტნალა ტიხანოვსკაია
AFP

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა. მაკრონი ლიტვაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ტიხანოვსკაიას პრესსამსახურის ინფორმაციით, მაკრონთან საუბრის მთავარი თემა ბელარუსში ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ორგანიზების შესაძლებლობა იყო.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპული ქვეყნები არ არიან გულგრილები ბელარუსში მიმდინარე მოვლენების მიმართ. საფრანგეთს, როგორც ერთერთ უძველეს დემოკრატია, ძალიან კარგად ესმის ჩვენი. ამიტომ ვაპირებ ბატონ მაკრონს შევახსენო ჩვენი მთავარი მიზანი - ახალი და დემოკრატიული არჩევნები, რომლებიც ამ წლის ბოლომდე უნდა ჩატარდეს". – თქვა ტიხანოვსკაიამ.

ფრანგული გამოცემა Delfi-ის ინფორმაციით, მაკრონმა შეხვედრის შემდეგ პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებდა ბელარუსში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად მოლაპარაკებების ხელშეწყობისთვის.

რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა მაკრონმა, le Journal Du Dimanche-სთან საუბრისას, ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები უნდა მიიღოს და ძალაუფლებაზე უარი თქვას. თავის მხრივ, ლუკაშენკომ მაკრონს ურჩია, ნაკლებად "ეყურებინა აქეთ-იქით" და "ბოლო-ბოლო" საფრანგეთის შიდა საქმეებით დაკავებულიყო. 

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში დაწყებულ საპროტესტო აქციებზე 12 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ოპოზიცია და მოსახლეობა არჩევნების შედეგებს არ ცნობს და მათ გაყალბებულად მიიჩნევს.

ევროკავშირი, კანადა, გერმანია, სლოვაკეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ალექსანდრ ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობენ.

აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა და ევროკავშირი განიხილავენ არჩევნების გაყალბებასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივ დარბევაზე პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესონ. სანქციები ბელარუსის მაღალჩინოსნებს უკვე დაუწესეს ბალტიის ქვეყნებმა.

კომენტარები