ტურიზმი

ფინანსთა მინისტრი ლარზე: კრიტიკა იოლია, პანდემიამ ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა ტურიზმს

საქართველოს მთავრობა

"იოლია კრიტიკა, თუმცა, ფაქტი ერთი რამეა - ამ პანდემიამ ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა ტურიზმს, ანუ ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ საექსპორტო პოტენციალს. ეს მნიშვნელოვანი დოზით ლარზე ზეწოლას ახდენდა მთელ ამ პერიოდში, რაც პანდემია დაიწყო და ეს ზეწოლა არსებობს ლარზე" - ამბობს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ფორბსთან ინტერვიუში ლარის გაუფასურებაზე საუბრისას. მას იმედი აქვს, რომ "გაისად ტურიზმის ნახევარს დავიბრუნებთ. 40-50% თუ დაბრუნდა ტურიზმის, ეს დიდი საქმე იქნება და რეალისტურია".

კითხვაზე, გაისამდე მისასვლელად მშვიდად ხართ?, ფინანსთთა მინისტრი პასუხობს: "ფისკალურად მშვიდად ვართ. როგორც 2020 წელს, ისე დაცულები ვართ 2021 წელს.ეს შემიძლია ერთმნიშვნელოვნად ვთქვა".

ივანე მაჭავარიანის განმარტებით, დაცულობა ნიშნავს იმას, რომ "ყველა იმ მთავარ მიმდინარე და პოტენციურ ვალდებულებას, რომელიც გაცხადებული გვაქვს, მაგალითად, პენსიების ინდექსაცია, არაფერი ემუქრება - არც პენსიებს, არც სოციალურ ვალდებულებებს, ასევე, არამარტო ამ ხარჯებს, არამედ, არაფერი ემუქრება არც ერთ მსხვილ, მეტნაკლებად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს". ფინანსსთა მინისტრის თქმით, "ჩვენ გვაქვს სხვა გამოწვევა, რამდენად მალე დაიწყებს ეკონომიკა აღდგენას, როგორი იქნება 2021". 

საქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. 25 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 4.3 თეთრით, ხოლო ევროსთან - 5.2 თეთრით გაუფასურდა. მხოლოდ სექტემბრის თვეში ლარმა დოლართან 26 თეთრი დაკარგა, ევროსთან კი - 22 თეთრი. აღსანიშნავია, რომ 25 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი ქართულ ბაზარზე არსებულ ყველა ვალუტასთან გაუფასურდა.

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი განსაკუთრებით პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე დაეცა. 7 თვის წინ, პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის 23 თებერვალს ერთი ევროს ოფიციალური კურსი - 3.0571 ლარი იყო, ხოლო 1 აშშ დოლარის - 2.8299 ლარი. ამ პერიოდში ლარი დოლართან 50 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი - 82 თეთრით.

ტურიზმი, რომელზე დარტყმაზეც ფინანსთა მინისტრი საუბრობს, მარტიდან აგვისტომდე სრულად იყო ჩაკეტილი. იქამდე მხოლოდ რამდენიმე ჩარტერული ფრენა და სპეცრეისი შესრულდა, აგვისტოდან კი, საზღვრები ხუთი ქვეყნის მოქალაქეებისა და მუდმივი რეზიდენტებისთვის გაიხსნა - გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის. ბოლო 2 თვის მანძილზე, ამ ხუთ ქვეყანაში რეგულარული ფრენები მხოლოდ სამი ქალაქის (პარიზი, მიუნხენი, რიგა) მიმართულებით, კვირაში ორჯერ სრულდება. რეისებს Lufthansa, Air France და Air Baltic ასრულებენ, ბილეთის ფასი კი, რამდენიმე ასეული ევროა.

აღსანიშნავია, რომ დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ფრენის ნებართვას ამ დრომდე არ აძლევდა, რადგან ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ". ნათია თურნავა ამბობს, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურთ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო ახლა მზად არ არის და "როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს".

ერთი კვირის წინ გადაწყდა, რომ ოქტომბრიდან Wizzair-ი ქუთაისი-რიგის ფრენებს შეასრულებს, კვირაში ერთხელ, თუმცა, მეორე დღესვე ცნობილი გახდა, რომ ლიტვა და ლატვია საქართველოდან ჩასულ მგზავრებს თვითიზილაციას სთხოვს.

კომენტარები