კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: გარდაცვლილი 26-ე პაციენტი 70 წლის კაცი იყო, მძიმე თანმხლები დაავადებებით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს, 24 სექტემბერს, კორონავირუსით გარდაცვლილი 26-ე პაციენტი 70 წლის მამაკაცი იყო, რომელსაც მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა. 

"პაციენტი იყო 70 წლის. სამწუხაროდ, 17 სექტემბერს საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს. მას ჰქონდა გულის იშემიური დაავადება და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და აჭარის საავადმყოფოში უკვე კრიტიკულ მდგომარეობაში შევიდა". - თქვა გამყრელიძემ. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 259 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. აქედან 164 შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები