ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში ცნობილი ოპოზიციონერი ჯოშუა ვონგი დააკავეს

ჰოგ-კონგის პოლიციამ ცნობილი ჰონგ-კონგელი ოპოზიციონერი, ჯოშუა ვონგი დააკავა 2019 წლის ოქტომბერში არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობისთვის და ქალაქში პირბადეების ტარების საწინააღმდეგო კანონის დარღვევისთვის.

ამის შესახებ ინფორმაციას ვონგი თავად ავრცელებს

30 ივნისს, როდესაც ჩინეთის პარლამენტმა ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების კანონები მიიღო, რამდენიმე საათში ჰონგ-კონგის აქტივისტთა პროდემოკრატიულმა ჯგუფმა, Demosisto-მ, ჯოშუა ვონგის ხელმძღვანელობით, დაშლა დააანონსა

ჯოშუა ვონგი ჰონგ-კონგში 2014 წლის ჰონგ-კონგის პროდემოკრატიული „ქოლგების“ მოძრაობის ერთერთი ლიდერი იყო მაშინ, როდესაც ის 17 წლის იყო. პოლიტიკური მოტივით ის არაერთხელ დააკავეს. იმისდა მიუხედავად, რომ ჰონგ-კონგის საგარეო ურთიერთობებს ოფიციალური პეკინი განაგებს, გასულ წელს ვონგს აშშ-ს მიერ ჰონგ-კონგის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კანონის მიღებაზე აშშ-ის კონგრესში მოუსმინეს, ის ასევე შეხვდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს და სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის პირებს, რასაც პეკინის გაღიზიანება მოჰყვა. კომუნისტურ პარტიაში განაცხადეს, რომ ეს ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევა იყო.

მისი კოლეგა, კიდევ ერთ ოპოზიციონერი აგნეს ჩოუ და კიდევ რამდენიმე აქტივისტი აგვისტოში დააკავეს ახალი ეროვნული უშიშროების კანონის დარღვევის ბრალდებით. რამდენიმე აქტივისტმა ქალაქი დატოვა. 

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ ჩინეთის ძალებმა დააკავეს 12 ჰონგ-კონგელი, რომლებიც სავარაუდოდ ტაივანში გაქცევას აპირებდნენ

შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა ჰონგ-კონგის უშიშროების ახალი კანონები 30 ივნისს მიიღო, რითაც ქალაქის ავტონომია ფაქტობრივად დასრულდა. ახალი კანონებით, სეცესიით მთავრობის დამხობის მცდელობა, ტერორიზმის ან საგარეო ძალებთან შეთქმულება, სულ მცირე, სამწლიანი, სერიოზულ შემთხვევებში კი – სამუდამო პატიმრობით დაისჯება. ცეცხლის წაკიდება და საზოგადოებივი ტრანსპორტის დაზიანება იმ განზრახვით, რომ ჰონგ-კონგის მთავრობა ან ჩინეთის კომუნისტური მთავრობა პოლიტიკური მიზეზებით დააშინო, კანონით ტერორიზმის აქტად ჩაითვლება.

კომენტარები