არჩევნები 2020

სანიკიძე: მოვუწოდებ ქართულ ოპოზიციას, დაანებონ სააკაშვილის დაბომბვას თავი

კავკასია

გამარჯვებული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გუბაზ სანიკიძე საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ ამ არჩევნებზე უმრავლესობას ან ნაციონალური მოძრაობა აიღებს, ან საქართველო დაიღუპება. სანიკიძის თქმით, თავდაპირველად, სწორედ სააკაშვილი იყო ოპოზიციის ერთობის მთავარი ინიციატორი, თუმცა ამაზე ყველამ უარი თქვა.  

ამის შესახებ სანიკიძემ Palitranews-ის ეთერში ისაუბრა. 

"როცა არის საუბარი, რომ სააკაშვილი ებრძვის ერთობას, შლის ერთობას, დანარჩენი პარტიების ბოდიში და მოტეხვა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს, იმიტომ, რომ სააკაშვილი იყო ზუსტად ინიციატორი იმის, რომ დიდი ერთობა შემდგარიყო და უფრო მჭიდრო ერთობა". – ამბობს სანიკიძე. 

სანიკიძე ოპოზიციას მოუწოდებს, შეეშვან კინკლაობას, რადგან მისი თქმით, მთავარი სამიზნე - ქართული ოცნება, თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს. მისივე თქმით, ახლა პოლიტიკური ინიციატივა სააკაშვილის ხელშია, რადგან მთელი პოლიტიკური სპექტრი, მის განცხადებებზე რეაგირებს. 

"მოვუწოდებ ქართულ ოპოზიციას, რომ თუ ორპოლუსიანობის ეშინიათ, დაანებონ მიხეილ სააკაშვილის დაბომბვას თავი იმიტომ, რომ ამით არაფერი გამოდის და უკუპროცესს ღებულობენ. დღეს მოსწონს ვინმეს თუ არ მოსწონს პოლიტიკური ინიციატივა მიხეილ სააკაშვილის ხელშია იმიტომ, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, უკვე რეაგირებს სააკაშვილის განცხადებებზე.

დანარჩენი ოპოზიცია ნიუსებს ვეღარ ქმიან და გადასული არიან სააკაშვილის ლანძღვა-გინებაზე. საჭადრაკო ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, აქამდე თუ სააკაშვილი შავებით თამაშობდა, ახლა თეთრებით თამაშობს და ცოტა გამოფხიზლდეს ოპოზიცია". – ამბობს სანიკიძე. 

გუშინ, 20 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის საერთოდ არ ხედავს პარტიულ კოალიციას. დღეს გაკეთებულ განცხადებაში კი, სააკაშვილმა განმარტა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურ ძალებთანაც ითანამშრომლებს. 

კომენტარები