გლდანულა

ხალხის ფულით გარემონტებულ სკვერში "ოცნებამ" თავისი დროშები დაკიდა - დაპირისპირება გლდანულაში

ფორმულა/კადრი ვიდეოდან

გლდანულაში, საზოგადოების ფულით გარემონტებულ სკვერში, ქართულმა ოცნებამ საკუთარი დროშები დაკიდა.  

სკვერში პარტიის დროშების დაკიდების გასაპროტესტებლად ადგილზე ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები მივიდნენ. როგორც ისინი ფორმულასთან ინტერვიუში ამბობენ, სურდათ, "ოცნების" დროშები ჩამოეხსნათ და მათ მაგივრად საქართველოს დროშები დაეკიდებინათ. 

ადგილზე მათ გამოჩენას დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე მისულმა მოქალაქეებმა მათ დროშების ჩამოხსნაში ხელი შეუშალეს და, როგორც ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი წევრი ამბობს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

"როგორც ხედავთ, ზონდერებმა დაიწყეს უკვე, როგორც ხედავთ, წინასაარჩევნოდ განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანისთვის ხელის შეშლა, აგრესია, ფიზიკური და იტყვიერი შეურაცხყოფა. 

ჩვენ აქ ვართ მოსულები იმისთვის, რომ ჩამოვხსნათ დროშები, რომლებიც აბსოლუტურად უკანონოდ არის განთავსებული. ქალაქის ბიუჯეტიდან, ჩვენი ჯიბის ფულიდან, ოცნება იკეთებს საკუთარი თავის პიარს." - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

კადრებში ჩანს, რომ დაპირისპირების ადგილიდან რამდენიმე ადამიანი გაიყვანეს. იმის გასარკვევად, დააკავეს თუ არა ისინი, ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.

კომენტარები