საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა: უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა რკინიგზის ორი თანამშრომელი

საქართველოს რკინიგზა

დღეს, 17 სექტემბერს ქუთაისში გარდაცვლილი ორი მუშის შესახებ საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა რკინიგზის ორი თანამშრომელი და დამწვრობა მიიღო ერთმა თანამშრომელმა.

"ქუთაისში, თაბუკაშილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მოხდა უბედური შემთხვევა. გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე ელექტრომონტიორი).

საქართველოს რკინიგზა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლების გარდაცვალებისა და დაზიანების გამო. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. კომპანია თანამშრომლობს გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები. მოკვლევაში ჩართულია შრომის უსაფრთხოების სამსახური". – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები