არჩევნები 2020

პომპეო: მხარს ვუჭერთ ODIHR-ის რეკომენდაციას სრულმაშტაბიანი სადამკვირვებლო გუნდის გამოგზავნაზე

მაიკ პომპეო
AP

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებისათვის მიწვევის გამო მადლობა გადაუხადა. პომპეოს წერილი, რომელიც 15 სექტემბრით არის დათარიღებული, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.

"ვიზიარებ თქვენს ყურადღების გამახვილებას არჩევნების თავისუფლად, სამართლიანად, გამჭვირვალედ და საერთაშორისო სტანდარტების და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად ჩატარების უზრუნველყოფაზე. თანაბარი პირობები, საარჩევნო რეფორმების ზუსტი გატარება, ადამიანის უფლებების და გამოხატვის და შეკრების თავისუფლების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც არჩევნების დღეს, ასევე არჩევნებამდე და მის შემდეგაც. ვაფასებ ყველაფერს, რაც საქართველოს მთავრობამ გააკეთა იმისათვის, რომ უზრუნველყოს საერთაშორისო დამკვირვებლების უსაფრთხო მგზავრობა". - ნათქვამია წერილში.

აშშ მხარს უჭერს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) რეკომენდაციას სრულმაშტაბიანი სადამკვირვებლო გუნდის გამოგზავნის თაობაზე, რომელშიც შევა 28 დამკვირვებელი ხანგრძლივი ვადით, ხოლო 350 - მოკლე ვადით. კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილი დაბრკოლებების გამო სახელმწიფო დეპარტამენტი დამკვირვებლებად ამერიკელი მოხალისეების მოძებნას შეეცდება.

გარდა ეუთოს მისიისა, პომპეოს წერილის მიხედვით, საქართველოში აშშ-ს საელჩო ცესკოსთან ერთად იმუშავებს საელჩოს სადამკვირვებლო ჯგუფების შექმნაზე. სახელმწიფო დეპარტამენტი იმუშავებს საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან და ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტთან ერთად, რომლებმაც კორონავირუსის გამო არჩევნების დღეს საერთაშორისო დამკვირვებლების ყოლზე უარი თქვეს, რათა მოინახოს ალტერნატივა, რომელიც საშუალებას მისცემს ორგანიზაციებს, დააკვირდნენ არჩევნებს.

კომენტარები