კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: აჭარაში კლინიკაში გადაყვანის მოლოდინში 67 კოვიდინფიცირებულია

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დღეს, 16 სექტემბერს, აჭარაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირებული 144 პაციენტიდან 67 შესაბამის სტაციონარში გადაყვანას ამ დრომდე ელოდება. 

მისივე თქმით, ბოლო სამი საათის განმავლობაში ჰოსპიტალებში 50 პაციენტი მოათავსეს, შემდეგი 24 საათის განმავლობაში კი 67 პაციენტს გადაიყვანენ. 

"შემდგომი 24 საათის განმავლობაში დაკმაყოფილებული იქნება ზარზე მყოფი 67 პაციენტის საჭიროება და ხვალ დილისთვის გვექნება საკმაოდ სტაბილური მაჩვენებელი იმის, თუ რა ჯანმრთელობის სტატუსით გვყავს ეს პაციენტები. აჭარაში სწორედ ამ ნიშნულების გათვალისწინებით განისაზღვრება ის, რომ სიტუაცია ეტაპობრივად კონტროლს ექვემდებარება". – ამბობს ტიკარაძე. 

ჯანდაცვის მინისტრი ამ გარემოებას იმით ხსნის, რომ აჭარაში გაფართოებული ტესტირება ტარდება, რომლის მონაცემების დამუშავებასაც გარკვეული დრო სჭირდება. მისივე თქმით, ამის გამო შეიქმნა მცირედი შეფერხება. 

"აჭარაში ტარდებოდა განსაკუთრებულად გაფართოებული თერმოსკრინინგი და კვლევები, აქედან გამომდინარე, ტესტების რაოდენობამ აჭარაშიც მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, რაც იყო გეგმური და ჩვენგან მიზნობრივად დასახული ტესტირებები, ეს არ იყო სპონტანური გადაწყვეტილება, თუ რატომ ვატარებდით ჩვენ აჭარაში მასშტაბურ ტესტირებას, რა თქმა უნდა, იყო სირთულეები ლაბორატორიებთან მიმართებაში, ვინაიდან, ყველა ეს მონაცემი საჭიროებდა გარკვეულ კონტროლს და გადამოწმებას, რომ არ ყოფილიყო დაუზუსტებელი ინფორმაციები. 

შესაბამისად, ეს საჭიროებდა სისტემაში ატვირთვას და გადაცემას საგანგებო სამსახურისთვის, რის შემდეგაც მოხდებოდა პაციენტების ჰოსპიტალიზაცია და აქედან გამომდინარე, შეიქმნა მცირედი შეფერხება, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე არის აღმოფხვრილი, როგორც ლაბორატორიების მხრიდან, ასევე გადაუდებელი სამსახურის მხრიდან. 

რაც შეეხება მომსახურებას, ზოგადად არსებობს გარკვეული რესურსი ავტომანქანების, რითიც ხდება ამ პაციენტების გადაყვანა ექიმების მიერ, ეს საჭიროებს გარკვეულ დროის ციკლს, რომელიც არის საკმაოდ ხანგრძლივი". – ამბობს ტიკარაძე TV იმედის ეთერში. 

დღეს, 16 სექტემბერს დადასტურებული 196 ახალი შემთხვევიდან 144 აჭარაში აღირიცხა. ჯამში, აჭარაში კორონავირუსის 479 აქტიური შემთხვევაა. 321 პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს, 158 კი საკარანტინო სივრცეში იმყოფება მეთვალყურეობაზე.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2 758 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 412 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები