ეკონომიკა

უმუშევრობა - ქვეყნის უმთავარესი გამოწვევა, პანდემიამდე და პანდემიის შემდეგ

gcn.com

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 67% მთავარ ეკონომიკურ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს. უმუშევრობის პრობლემას კორონავირუსის პანდემია და მასთან დაკავშირებულ შეზღუდვები კიდევ უფრო ამწვავებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.3 პროცენტი შეადგინა. დასაქმების დონე 0.5 პროცენტული პუნქტით, 55.9%-მდე შემცირდა. II კვარტალში წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, დასაქმების საერთო მაჩვენებელში დაქირავებით დასაქმებულთა წილი 1.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა 48.6% შეადგინა.

დასაქმებულთა რაოდენობა:

  • 2020 II კვარტალი - 1,684 ათასი პირი
  • 2019 II კვარტალი - 1,717 ათასი პირი

პანდემიამ და მკაცრმა რეგულაციებმა (საზღვრების ჩაკეტვა, საყოველთაო კარანტინი და ა.შ.) მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური ზიანი მიაყენა მსოფლიოს, რასაც ლოგიკურად სამუშაო ადგილების და შემოსავლების შემცირება მოჰყვა. თუმცა, საქართველოში უმუშევრობა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო პანდემიამდეც. 2016 წლიდან ქვეყანაში სამუშაო ძალა და დასაქმებულთა რაოდენობა ყოველწლიურად მცირდებოდა.

სტატისტიკურად, ქვეყანაში უმუშევრობის დონე ყოველწლიურად მცირდება. თუმცა 2016-2019 წლებში უმუშევრობის დონე სამუშაო ძალის კლების ხარჯზე, დასაქმების ზრდის გარეშე, შემცირდა. სხვაგვარად, რომ ვთქვათ ქვეყანაში უმუშევრობის დონე, მხოლოდ ტექნიკური მიზეზით მცირდება, რაც უმუშევრობის დონის გამოთვლის მეთოდოლოგიით აიხსნება. საქსტატის მეთოდოლოგიით, უმუშევრობის დონე უმუშევარ ადამიანთა და სამუშაო ძალის შეფარდების შედეგად გამოითვლება. უმუშევრად მიიჩნევა მხოლოდ ის ადამიანი, ვინც სამსახურს ეძებს და ვერ საქმდება. სამუშაო ძალა (ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა) დასაქმებული და სამუშაოს მაძიებელი ადამიანების ჯამური რაოდენობაა. თუ ადამიანი სამსახურს აღარ ეძებს და ე.წ. „იმედდაკარგული მუშახელია“, აკლდება როგორც უმუშევართა რიგებს, ასევე სამუშაო ძალას.

2016-2019 წლებში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა 106.8 ათასით შემცირდა. 2016 წლიდან ყოველწლიურად მცირდება დასაქმებულთა რაოდენობაც. 2016-2019 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა 43.6 ათასით შემცირდა.

გრაფიკი 1. დასაქმება და უმუშევრობა 2012-2019 წლებში:

წყარო: საქსტატი

2019 წელს დასაქმების მაჩვენებელი დაქირავებით დასაქმებულთა ხარჯზე შემცირდა. კერძოდ, 2019 წელს 2018 წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 4 ათასით შემცირდა. ამ პერიოდში, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 10.9 ათასით შემცირდა, თვითდასაქმებულთა რაოდენობა კი 7 ათასით გაიზარდა. აქვე აღსანიშნავია, რომ დასაქმების საერთო მაჩვენებელში თვითდასაქმებულთა წილი 49.7%-ია. დასაქმების მაჩვენებელში თვითდასაქმებულთა მაღალი წილი ცალსახად უარყოფითად უნდა შეფასდეს. თვითდასაქმებულთა დიდი წილი სოფლის მეურნეობაში/ოჯახურ მეურნეობებში არიან დასაქმებულები, მათი საქმიანობა კი დაბალპროდუქტიული და დაბალშემოსავლიანია. ამასთან, მათი დიდი ნაწილი თავს უმუშევრად მიიჩნევს. როდესაც ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილი იქმნება, ის შეიძლება შეავსონ თვითდასაქმებულებმა, ანუ გადაინაცვლონ დაქირავებით დასაქმებულთა კატეგორიაში, შედეგად უმუშევართა რაოდენობა არ შემცირდება.

გრაფიკი 2: თვითდასაქმებულთა და დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 2012-2019 წლებში:

წყარო:საქსტატი

დასაქმების მაჩვენებლებზე საუბრისას ასევე უნდა ითქვას, რომ 2017 წლიდან სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, კერძო სექტორში კი მცირდება. 2017-2019 წლებში სახელმწიფო სექტორში 27.8 ათასი ადამიანი დასაქმდა. ამავე პერიოდში, არასახელმწიფო/კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 54.9 ათასით შემცირდა. საჯარო სექტორში დასაქმების ზრდა მხოლოდ ბიუროკრატიული ხარჯების ზრდის და სახელმწიფო ბიუჯეტს ტვირთად აწვება. უმუშევრობის ძირითად მიზეზი მცირე ეკონომიკა და სამუშაო ძალის შესაბამისი კვალიფიკაციის არქონაა. მთავრობის პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ, რომელიც თავის მხრივ მსხვილი საინვესტიციო პროექტების მოზიდვას და მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევას გულისხმობს.

კომენტარები