კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 170 ახალი შემთხვევიდან, 124 ბათუმს უკავშირდება, 20-თბილისს, 13-იმერეთს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს, 15 სექტემბერს გამოვლენილი კოვიდინფიცირების 170 ახალი შემთხვევიდან 124 ბათუმს უკავშირდება, 20-თბილისს, 13-იმერეთს ანუ ქუთაისს, 6-სამეგრელო-ზემო სვანეთს, 3-გურია-ოზურგეთს, 3-მცხეთაა, 1 კი - რაჭა-ლეჩხუმს. 

მისივე ინფორმაციით, 170 ახალი შემთხვევიდან 88 უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 50-ს მოგზაურობის ისტორია აქვს, 4-ს საკარანტინე სივრცეში დაუდასტურდა, დანარჩენი კი ცხელების ცენტრში გამოვლენილი შემთხვევებია, რომელთა კონტაქტების მოძიება კვლავ გრძელდება. 

ეზუგბაიას თქმით, დღეს, კორონავირუსისგან 11 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კოვიდცენტრებში კი სულ 1154 პაციენტი მკურნალობს. 

"რაც შეეხება ჩვენს ცენტრს, ინფექციურში დღეის მონაცემებით არის 3 მძიმე პაციენტი, 1 კი - კრიტიკულად მძიმე. დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია". – ამბობს ეზუგბაია. 

დღეს, 15 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 2 562 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 370 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები