კორონავირუსი აჭარაში

COVID-19-ით ინფიცირების 170 ახალი შემთხვევიდან 124 აჭარაში დადასტურდა

GETTY IMAGES

კორონავირუსით ინფიცირების 170 ახალი შემთხვევიდან 124 აჭარაში დადასტურდა.  

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში 2 700-ზე მეტი PCR ტესტი ჩატარდა. მკურნალობის კურსს 414 პაციენტი გადის, მათგან 285 სამედიცინო დაწესებულებაში, 129 კი საკარანტინო სივრცეში იმყოფება. 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 5 ადამიანი საკარანტინო სივრციდანაა, ინფიცირების შემთხვევათა დიდი ნაწილი კი წინა დღეებში დადასტურებულებთან კონტაქტია. 

"გვაქვს შემთხვევები რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებასთან დაკავშირებული. ამასთანავე, გამოვლინდა შემთხვევა მოხუცთა თავშესაფარში. გვაქვს 5 დადასტურებული შემთხვევა, ეს დაწესებულება იყო მეთველყურეობის ქვეშ. მიზნობრივად ჩაუტარდათ ტესტირება. პაციენტები კლინიკაში არიან გადაყვანილი. დაწესებულებაზე მიმდინარეობს მონიტორინგი." - ამბობენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. 

მათივე ინფორმაციით, აჭარაში პედაგოგთა ინფიცირების 3 ახალი შემთხევევა დადასტურდა.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 2 562 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 370 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები