გიორგი რურუას საქმე

TI: რურუას საქმის მოსამართლე მმართველი პარტიის გზავნილებით ჩვენს დისკრედიტაციას შეეცადა

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ცნობით, მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას საქმის მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი მმართველი პარტიის გზავნილების გამეორებით ორგანიზაციის დისკრედიტაციას შეეცადა. 

"მოსამართლემ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს წარდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტული მოსაზრების (სასამართლოს მეგობრის მოსაზრების) განხილვაზე უარი მისი მიკერძოებულობის მოტივით თქვა. მოსამართლე თავისი ქმედებით აგრძელებს  უკიდურესად სახიფათო ტენდენციას, როდესაც სასამართლო სისტემა იმეორებს მმართველი პარტიის გზავნილებს და უფლებადამცველი ორგანიზაციის ავტორიტეტის შელახვას ცდილობს". – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია იყენებენ სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტს და სასამართლოს საქმეებთან დაკავშირებულ მოსაზრებებს წარუდგენენ. აღნიშნულის მიზანი სასამართლოსათვის სამართლებრივი საკითხების შეფასებასა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებაა. ეს პრაქტიკა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაშია გავრცელებული.

"შემაშფოთებელია, მოსამართლის ზედაპირული დამოკიდებულება სასამართლოს მეგობრის ამ მნიშვნელოვანი ინსტიტუტის მიმართ. სათანადო დასაბუთების გარეშე, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში გამოთქმული არგუმენტაციის შეფასებაზე უარის თქმა, წარმოადგენს სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის უპატივცემულობას, კანონის მოთხოვნათა თვითნებურ ინტერპრეტაციას, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმას და უკიდურესად დამაზიანებელ  ქმედებას, პირველ რიგში, სასამართლოს სისტემის მიმართ. ცხადია, ამას არაფერი აქვს საერთო სამართლის სფეროში აღიარებულ  სტანდარტებთან. სამწუხაროა, რომ მოსამართლემ პოლიტიკური პოზიცია გამოხატა და ამით კიდევ ერთხელ ჩრდილი მიაყენა სასამართლოს". – ვკითხულობთ განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის თანამესაკუთრე, გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.

მოგვიანებით გიორგი რურუას საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლოს განჩინების მიხედვით, დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, ოპოზიციამ და საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა კიდევ ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლება არაერთხელ მოითხოვეს. თუმცა, ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ მათთვის უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება მიუღებელია და, რომ პრეზიდენტს ამ საკითხზე მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილმა ეს უარყო და განმარტა, რომ ქართული ოცნების ლიდერები წინასწარ გააფრთხილა.

კომენტარები