კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: 4 სექტემბრიდან დღეში საშუალოდ 8 256 ტესტირებას ვატარებთ

საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ 17-დან 25 აგვისტოს პერიოდში საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში სეროპრევალენტობის კვლევა ჩატარდა. 

სეროპრევალენტობის კვლევა გულისხმობს შემთხვევითი პრინციპით შერჩეული ადამიანებისთვის ანტისხეულების ტესტირების ჩატარებას, რითიც ეპიდემიოლოგები არკვევენ, აქვს თუ არა გადატანილი ადამიანს ახალი კორონავირუსი. 

როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ხელვაჩაურის, ქობულეთის, მარტვილისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში შემთხვევის პრინციპით ტესტი 1 222 ადამიანს ჩაუტარდა. მათგან მხოლოდ ერთს, მარტვილში აღმოაჩნდა ანტისხეულები ახალ კორონავირუსზე. 

"ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფექცია ინტენსიურად არ ცირკულირებს". – ამბობს ამირან გამყრელიძე. 

რაც შეეხება ზოგად ტესტირებას, NCDC-ის ხელმძღვანელის განმარტებით, აგვისტოში საშუალოდ დღის განმავლობაში 4 665 ტესტი ტარდებოდა, სექტემბერში 7 961. თუმცა, 4 სექტემბრიდან დღემდე ტესტირებების საშუალო დღიური რაოდენობა 8 256-ია. 

"ჯერჯერობით საქართველო მწვანე ზონაში ვრჩებით, მაგრამ ბოლო 4-5 დღის განმავლობაში გვაქვს ზრდა და ეს ზრდა უნდა შევაკავოთ". – თქვა ამირან გამყრელიძემ. 

ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. მაგალითად, გასული დღე-ღამის განმავლობაში 165 ახალი შემთხვევა აღირიცხა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები