კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: მეორე ტალღას ჯერ არ ვვარაუდობთ, ეს არის დაავადების მნიშვნელოვანი მატება

კადრი ფორმულას ვიდეოდან

განსხვავებით პრემიერმინისტრ გახარიასგან, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს, მარინა ეზუგბაიას მიაჩნია, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ეს არის ნავარაუდევი მეორე ტალღა. 

მარინა ეზუგბაიას შეფასებით, მეორე ტალღა, დაახლოებით, ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის შუა რიცხვებში იქნება. 

"ამ ეტაპზე გვაქვს დაავადების მნიშვნელოვანი მატება. პირადად ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ჩვენ მეორე ტალღას არ ვვარაუდობთ. მეორე ტალღა დამოკიდებულია თვითონ დაავადების ხასიათზე. რეგულაციების შესრულების შესუსტება გახდა საფუძველი დაავადების ასეთი მატების". – თქვა მარინა ეზუგბაიამ. 

რაც შეეხება იმას, არის თუ არა საქართველო კვლავ მწვანე ზონაში, ექიმი ამბობს, რომ ქვეყანა ამ ზონიდან გავიდა, თუმცა მაჩვენებელი მაინც ძალიან დაბალია. 

"დარწმუნებული ვარ, რომ ამასაც გავუმკლავდებით. ჯანდაცვის სისტემა არის მზად ამისთვის. შესაბამისი საწოლფონდი არსებობს, შემთხვევების მატებასთან ერთად კიდევ გაძლიერდება. ჯანდაცვის სამინისტრო თავისი სამედიცინო სექტორით მზად არის სამუშაოდ". – თქვა მარინა ეზუგბაიამ. 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა რეგულაციების დაცვისკენ, რაც, ძირითადად, ერთმანეთთან დისტანცირებასა და პირბადებიის ტარებაში გამოიხატება. 

ბოლო 24 საათში აღრიცხული 87 ახალი შემთხვევა ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ამავე დროს, ახალი კორონავირუსის ინფექციისგან კიდევ 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 1 917 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 354 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები