ბელარუსი

სვეტლანა ალექსიევიჩის უსაფრთხოებისთვის მის ბინაში ევროპელი დიპლომატები მორიგეობენ

სვეტლანა ალექსიევიჩი ევროპელ დიპლომატებთან
EPA

ევროპის ქვეყნების დიპლომატები ნობელიატ მწერალ სვეტლანა ალექსიევიჩის სახლში მორიგეობენ. ალექსიევიჩი ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს უკანასკნელი წევრია, რომელიც არ დაუპატიმრებიათ და რომელიც ბელარუსში რჩება. დიპლომატების თქმით, ისინი ალექსიევიჩს შესაძლო დევნისგან იცავენ.

9 სექტემბერს სვეტლანა ალექსიევიჩმა განაცხადა, რომ კარზე უკაკუნებდნენ და უცნობი ნომრებიდან ურეკავდნენ ტელეფონზე.

"უკვე აღარავინ დარჩა ჩემი თანამოაზრე მეგობრებიდან საკოორდინაციო საბჭოში. ყველა ან ციხეშია ან ქვეყნიდან გააგდეს. ჯერ ქვეყანა წაგვართვეს, ახლა ჩვენგან საუკეთესოებს იტაცებენ. თუმცა ჩვენი რიგებიდან ამოგლეჯილების ნაცვლად ასობით სხვა მოვა. აღდგა არა საკოორდინაციო კომიტეტი, აღდგა ქვეყანა.“ -თქვა სვეტლანა ალექსიევიჩმა.

განცხადების გამოქვეყნების შემდეგ მწერალთან სახლში მივიდნენ ლიტვის, პოლონეთის, გერმანიის, ჩეხეთის და შვედეთის დიპლომატები.

ჩვენ მივიღეთ შეტყობინებები, რომ მის ბინასთან მოდიან უცხო ადამიანები, სავარაუდოდ უშიშროების წარმომადგენლები ან პოლიცია. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მას შეიძლება დაკავების საფრთხე ემუქრებოდეს. ალექსიევიჩი საკოორდინაციო საბჭოს უკანასკნელი წევრია, რომელიც არ დაუპატიმრებიათ ან ბელარუსისან არ წასულა განაცხადა ლიტვის ელჩმა ანდრიუს პულოკასმა.

დიპლომატები აპირებენ ალექსიევიჩის ბინაში მორიგეობაზე ერთმანეთს შეენაცვლონ და ღამითაც იმორიგეონ.

10 სექტემბერს დიპლომატების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა და ალექსიევიჩის ბინაში ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 15 დიპლომატი შეიკრიბა.

„ჩვენ გავაგრძელებთ მისი [სვეტლანა ალექსიევიჩის] უსაფრთხოების და კეთილდღეობის დაცვას“ - დაწერა Twitter-ზე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ან ლინდემ.

კომენტარები