აშშ - ჩინეთი

აშშ ჩინეთის სინძიანის რეგიონიდან პროდუქციის იმპორტის აკრძალვას გეგმავს

Getty Images

აშშ ჩინეთიდან, სინძიანის რეგიონიდან პროდუქციის იმპორტის აკრძალვას გეგმავს. აშშ-ს გადაწყვეტილების მიზეზია საფუძვლიანი ეჭვი, რომ სინძიანის რეგიონში საექსპორტო პროდუქცია იძულებითი შრომით იწარმოება.

აკრძალვა ბამბისა და პომიდორის პროდუქციას შეეხება. 

აღნიშნული აკრძალვები მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს აშშ-ში საცალო მოვაჭრეებზე, ტანსაცმლისა და საკვები პროდუქტების მწარმოებლებზე.

ჩინეთი ამჟამად მსოფლიო ბამბის თითქმის 20%-ს აწარმოებს. ბამბის წარმოება, ძირითადად, სინძიანის რეგიონში ხდება.

"ჩვენ გვაქვს მისაღები, მაგრამ არა დაბეჯითებითი მტკიცებულებები იმისა, რომ სინძიანიდან შემოსული ბამბის ქსოვილებისა და პომიდორის წარმოების პროცესში იძულებითი სამუშაოს გამოყენების რისკი არსებობს." – განაცხადა აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის აღმასრულებელმა, ასისტენტ-კომისარმა, ბრენდა სითმა Reuters-თან ინტერვიუში.

ბრენდა სმითმა აღნიშნა, რომ საკითხის გამოძიება გრძელდებოდა.

აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახური მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც საშუალებას მისცემს სამსახურს დააკავოს იმპორტირებული პროდუქცია, თუ არსებობს ეჭვი, რომ ის იძულებითი შრომითაა შექმნილი. კანონის მიზანია ებრძოლოს ადამიანების ტრეფიკინგს, ბავშთა შრომის გამოყენებასა და ადამიანების უფლებების სხვა დარღვევებს.

წელს აშშ-ს კანონმდებლებმა წამოაყენეს კანონპროექტი, რომელის თანახმადაც მიჩნეული იქნებოდა, რომ სინძიანის პროვინციიდან იმპორტირებული პროდუქცია იძულებითი შრომითაა შექმნილი და აშშ-ში მისი შეტანისთვის საპირისპიროს დამადასტურებელი სერთიფიკატი იქნებოდა საჭირო.

აშშ-მ ჩინეთი სინძიანში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგნელების, მუსლიმი უიღურების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობისთვის არაერთხელ გააკრიტიკა.

ბოლო წლებში ჩინეთმა მნიშვნელოვნად გაამკაცრა უშიშროების ზომები სინძიანის პროვინციაში, რის მიზეზადაც ჩინეთი რეგიონში სეპარატიზმსა და ტერორიზმს ასახელებს.

ჩინეთს სინძიანის რეგიონში მოწყობილი აქვს "გამოსასწორებელი" დაკავების ბანაკები, სადაც ატყვევებენ მუსლიმ უიღურებს და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს. 2018 წელს ჩინეთმა კანონმდებლობა შეცვალა, რაც რეგიონულ მთავრობას ოფიციალურად აძლევს საშუალებას, გამოიყენოს "საგანმანათლებლო და საწვრთნელი ცენტრები" "ექსტრემისტული გავლენების" ქვეშ მყოფ პირთა გამოსასწორებლად. ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია კრიმინალებისათვის. ადამიანები, რომლებმაც ამ ცენტრებს თავი დააღწიეს, ყვებიან, რომ ისლამის უარყოფას და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. ისინი არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე ყვებიან. მათი თქმით, დაკავებულთა მცირეწლოვან შვილებს მშობლებს აშორებენ და ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

ჩინეთის მთავრობა უიღურებს პოპულაციის გაკონტროლების მიზნით სხვადასხვა კონტრაცეპტივის გამოყენებას აიძულებს. სამთავრობო სტატისტიკაზე, სახელმწიფო დოკუმენტებსა და ინტერვიუებზე დაყრდნობით AP-მ გამოძიება ჩაატარა. უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ჩინეთის მთავრობა სინძიანის პროვინციაში უიღურების წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას ატარებს, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი „დემოგრაფიულ გენოციდსაც“ კი უწოდებს.

გასულ წელს გავრცელდა დოკუმენტები, რომლებშიც აღწერილია ჩინეთის სინძიანის პროვინციაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაკავების ბანაკებში არსებული სიტუაცია. დოკუმენტები მოიპოვა საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა. იქ აღწერილია, როგორ ხდება დაკავება, ინდოქტრინაცია და დასჯა ბანაკებში. მილიონამდე ადამიანი სასამართლო პროცესის გარეშეა დაკავებული.

დოკუმენტებიდან ასევე ჩანს, რომ 2017 წელს მხოლოდ ერთ კვირაში 15 000 ადამიანი დააკავეს და ბანაკებში გადაიყვანეს. გარდა ამისა, 1.8 ადამიანი დაკვირვების ქვეშ მხოლოდ იმის გამო მოათავსეს, რომ ტელეფონებში მონაცემთა გაზიარების აპლიკაცია Zapya ჰქონდათ. ამის შემდეგ მთავრობამ 40 000-ზე მეტი ადამიანის შესახებ გამოძიება მოითხოვა, რათა მათ მიმართ არსებული ეჭვები გაქარწყლებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობდა ბრძანება, რომ ისინი ბანაკებში გადაეყვანათ. გაიცა იმ უიღურების დაკავების ბრძანება, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ. მონიტორინგი დაუწესეს საზღვარგარეთ მცხოვრებ უიღურებსაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთის ამ საქმიანობაში მათი საელჩოებიც არიან ჩართული.

მანამდე New York Times-მა მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც პრეზიდენტ სი ძინპინს რეგიონში მიმდინარე რეპრესიებთან აკავშირებს. დოკუმენტებში ჩანს, როგორ ხდება სინძიანში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მასობრივი დაკავება და მათი ახლობლების დაშინება.

აღსანიშნავია, რომ 9 ივლისს ვაშინგტონმა ჩინეთის პოლიტბიურის წევრს, სინძიანის უიღურების ავტონომიური რეგიონის კომუნისტური პარტიის მდივანს, ჩენ ცუანკუოს და სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკებს სინძიანში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ჩენი უმაღლესი რანგის ჩინელი მაღალჩინოსანია, რომელსაც კი აქამდე აშშ-ს სანქციები შეხებია. 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, სინძიანში არსებულ ვითარებას ადამიანის უფლებებისთვის "საუკუნის ლაქას" უწოდებს.

კომენტარები