კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 44 ახალი შემთხვევიდან 3-ის ინფიცირების წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფიცირების 44 ახალი შემთხვევიდან 19 ბათუმს უკავშირდება - აქედან 7 საკონდიტრო დონას კლასტერია.

"12 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. 2 არის ეპიდკერაში მოგზაურობის ისტორიის მქონე, 5 - შემოტანილი შემთხვევა, 3 - სამედიცინო პერსონალი, 3 შემთხვევაზე გრძელდება კონტაქტების მოკვლევა წყაროს დადგენის თვალსაზრისით". – თქვა ეზუგბაიამ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის შეფასებით, ბოლო დღეების სტატისტიკა მიუთითებს, რომ არის "გარკვეულწილად მატება, რაც აუცილებლად ითხოვს რეგულაციების კონტროლს". მისი აზრით, არსებულ რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს და არა რეგულაციები. 

"3, 4 და 5 ათეულიც არის ისეთი მონაცემები, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა გაუმკლავდება. ჩვენ ვფიქრობთ, ასეულები არ განვითარდეს". – აღნიშნა მან.

ბოლო 24 საათში საქართველოში Covid-19-ის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ერთ დღეში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში 8 სექტემბერს აღირიცხა - 45 პაციენტი.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 1773 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1325 პაციენტი და გარდაიცვალა - 19.

კომენტარები