კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: მასშტაბურ შეზღუდვებსა და ე.წ. ლოქდაუნზე საუბარი არ არის

საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა პროგნოზირებადი იყო და ამიტომ სიტუაცია სრულად მართვადია.

გამყრელიძემ ტელეკომპანია ფორმულაში საუბრისას აღნიშნა, რომ შემთხვევების ზრდას რამდენიმე მიზეზი აქვს.

"ეპიდსიტუაცია სრულად კონტროლირებადია და მართვას ემორჩილება. ეს პროგნოზირებადი იყო ზაფხულის პერიოდის შემდეგ, როდესაც ჩვენ მობილობის ზრდა გვაქვს ქვეყანაში, მხედველობაში მაქვს მე ივლისი, განსაკუთრებით აგვისტო.

ისიც პროგნოზირებადი იყო, რომ შემთხვევების ზრდა ძირითადად გვექნებოდა აჭარაში, რადგან დიდი რაოდენობით დამსვენებლები, ჩვენი თანამემამულეები იყვნენ აჭარის რეგიონში და კიდევ ერთი ემატება, რომ სამწუხაროდ, ბოლო ორი თვის განმავლობაში სერიოზულად მოვეშვით, გავითავისეთ რომ თითქოს დავამარცხეთ კორონავირუსი, აღარ ვიცავდით არანაირ წესებს, არის უზარმაზარი თავყრილობები და კიდევ ბევრი არარეკომენდირებული რამ". – თქვა მან.

ამირან გამყრელიძის თქმით, მიუხედავად გაზრდილი შემთხვევებისა, ე.წ. ლოქდაუნის საჭიროება არ დგას.

"მასშტაბურ შეზღუდვებზე და ე.წ. ლოქდაუნებზე, რაც გაზაფხულზე გვქონდა საუბარი არ არის, მაგრამ გამკაცრდება დაცვა იმ რეგულაციების და აღსრულების კონტროლი, რაც დადგენილია დღეს სახელმწიფოს და რეკომენდირებულია ჯანდაცვის სექტორის მიერ". – თქვა მან.

დღეს, 8 სექტემბერს, საქართველოში Covid-19-ის 45 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა კიდევ 6 ადამიანი. 45 ახალი შემთხვევიდან 23 აჭარას უკავშირდება.

სულ ქვეყანაში დადასტურებულია 1729 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1321 პაციენტი.

კომენტარები