კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 45 ახალი შემთხვევიდან 23 აჭარას უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირების 45 ახალი შემთხვევიდან 23 აჭარას უკავშირდება.  

"შესაძლებელია, ვიფიქროთ, რომ დაავადებამ მიიღო უფრო ინტენსიური გავრცელება და ჩვენი ზომიერი კონტროლირებადი მატება ეჭვის ქვეშ დგება. აჭარაში კიდევ უფრო სერიოზული მდგომარეობაა, რეგიონი უკვე წითელი ზონაა. იქ, ალბათ, დამატებითი ღონისძიებები იქნება გასატარებელი - ეს არის რეკომენდაციის შესრულებაზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და ტესტირების კიდევ უფრო მეტად გაფართოება. ამ ეტაპზე ჩაკეტვაზე ლაპარაკი არ არის." - ამბობს მარინა ეზუგბაია.

ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფიცირების 3 შემთხვევა ე.წ. დონას კლასტერიდანაა, 19 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 4 სამედიცინო პერსონალია ავერსის კლინიკიდან, 12 აჭარაში მოგზაურობის ისტორიით არის, 4 შემთხვევა შემოტანილია. ეზუგბაიას ინფორმაციით, სამი ადამიანის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. 45 შემთხვევიდან 5 თბილისში ფართომასტაბიან ქორწილს უკავშირდება. 

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ, 7 სექტემბერს თქვა, რომ მთავრობა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მომატების გამო ბათუმის ჩაკეტვას არ განიხილავს.

დღეს, 8 სექტემბერს, საქართველოში COVID-19-ის 45 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა კიდევ 6 ადამიანი. 

სულ ქვეყანაში დადასტურებულია 1729 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1321 პაციენტი.

კომენტარები