ჯამალ ხაშოგის მკვლელობა

საუდის არაბეთის სასამართლომ ჯამალ ხაშოგის მკვლელობისთვის 8 ადამიანს პატიმრობა მიუსაჯა

Reuters

საუდის არაბეთის სასამართლომ 2018 წელს საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე საბოლოო განაჩენი გამოიტანა. ექვს პიროვნებას 7-იდან 20 წლამდე პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაცია ამის შესახებ სამთავრობო მედია ავრცელებს.

მსჯავრდებულებიდან ხუთს 20-წლიანი პატიმრობა, ერთს - 10-წლიანი, ხოლო ორს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გასული წლის დეკემბერში ხაშოგის მკვლელობის გამო სამეფოში 5 ადამიანს სიკვდილით დასჯა, სამს კი პატიმრობა მიუსაჯეს.

ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი ივლისში თურქეთშიც დაიწყო. თურქეთში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს შორის არიან, საუდის არაბეთის დაზვერვის უფროსის ყოფილი მოადგილე, აჰმედ ალ-ასირი და სამეფო საბჭოს ყოფილი მრჩეველი, საუდ ალ-კაჰტანი. მათ ბრალად ედებათ განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში. სულ ბრალდებულია 20 პირი.

2018 წლის 2 ოქტომბერს ჟურნალისტი და მწერალი, ჯამალ ხაშოგი სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში ქორწინებისთვის აუცილებელი დოკუმენტების მისაღებად მივიდა და მას შემდეგ ის აღარავის უნახავს. თურქეთის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მათ მიერ მოპოვებული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები ამტკიცებს, ხაშოგი საკონსულოში მოკლეს და მისი სხეული დაანაწევრეს.

ხაშოგი ხშირად აკრიტიკებდა საუდის არაბეთის პოლიტიკას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, განსაკუთრებით, საუდის არაბეთის სამხედრო ინტერვენციას იემენში და სამეფოს ტახტის ახალ მემკვიდრეს, პრინც მუჰამედ ბინ სალმანს.

ხაშოგის მკვლელობას დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. დანიამ საუდის არაბეთს იარაღის მიყიდვა შეუჩერა, ხოლო გერმანიამ იარაღის გაყიდვის სამომავლო კონტრაქტები გაწყვიტა.

ამერიკული მედია კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ანგარიშში არის სამხილები, რომლითაც დასტურდება, რომ მკვლელობის განსახორციელებლად მისი თანხმობა აუცილებელი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ტრამპის თქმით, ეს კავშირი არ დასტურდება და ის შეინარჩუნებს კარგ ურთიერთობას საუდის არაბეთთან.

ხაშოგის საქმეზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატია ტაბულას არქივიდან.

კომენტარები