ბელარუსი

ლინკევიჩიუსი: ევროკავშირმა ბელარუსში დემოკრატია უნდა წაახალისოს, რუსეთის გავლენას ებრძოლოს

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი
Delfi

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩიუსმა თქვა, რომ ბელარუსზე ევროკავშირის ქმედებების ნაკლებობა მისი საგარეო პოლიტიკის სანდოობას ძირს უთხრის. 

მისი თქმით, ევროკავშირმა ბელარუსში დემოკრატია უნდა წაახალისოს და რუსეთის გავლენას შეეწინააღმდეგოს –ევროკავშირმა ბელარუსის ოპოზიციას კონკრეტული დახმარება უნდა გაუწიოს. 

"ზოგჯერ ჩვენ ძალიან გვიან ვმოქმედებთ და ჩვენი ქმედებები დაქუცმაცებულია და საზოგადოებაზე ან ძალაუფლებაში მყოფ პირებზე არანაირ გავლენას არ ახდენს.. როდესაც ჩვენ არ ვუერთგულებთ ჩვენ ეროვნულ ვალდებულებებს, ეს ჩვენივე საფუძველს დაანგრევს". – თქვა მან. 

მინისტრის თქმით, მას სურს, რომ ევროკავშირმა ბალტიის ქვეყნების მსგავსად ბელარუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესოს. 

ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს.

ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს და მთავრობის 29 წევრს სამოგზაურო შეზღუდვები უკვე დაუწესეს. გასულ კვირას ევროკავშირში შეთანხმდნენ, რომ ბელარუსის 20-მდე მაღალჩინოსანს არჩევნების გაყალბებისა და აქციების დარბევისთვის სანქციებს დაუწესებენ. ლუკაშენკო დაიმუქრა, რომ სანქციების პასუხად სატრანზიტო გზებს ჩაკეტავს. ამჟამად აშშ ბელარუს მაღალჩინოსნებზე არჩევნების გაყალბებისა და მომიტინგეებზე ძალადობისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს.

კომენტარები