არჩევნები 2020

დეკანოიძე ოქრიაშვილზე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი "განქოცდეს"

მთავარი არხი/screenshot

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ისანში, ხატია დეკანოიძე ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის პარტიის ძალა ერთობაშიასთან გაერთიანებაზე ლაპარაკობს. დეკანოიძის თქმით, ოქრიაშვილი მისგან იდეოლოგიურად ძალინ შორსაა. დეკანოიძე აღნიშნავს, რომ ოქრიაშვილი თავის შესაძლებლობებში დარწმუნებულია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი "განქოცდეს" და ჩამოსცილდეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს.

"ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, ძალიან შორს არის ბატონი ოქრიაშვილი იდეოლოგიურად. დისკომფორტი არ მაქვს-მეთქი ვერ ვიტყვი, ეს არ არის ასე. რომ გითხრათ, რომ იდეოლოგირადაც ერთნი ვართ, ესეც არ იქნება განსაკუთრებული განცხადება ჩემგან. იმასაც ვერ გეტყვით, რომ რაღაც ღირებულებებს შეიძლება ვიზიარებდე.

ბატონ ოქრიაშვილს აქვს იმის შესაძლებლობა, და ის, როგორც ჩანს, დარწმუნებულია თავის შესაძლებლობებში, რეგიონში იყოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი, - შეიძლება არ იყოს კორექტული ამის თქმა, - "განქოცდეს" და ჩამოსცილდეს იმ მძიმე რეჟიმს, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილზე ჩამოკონწიალებული ადამიანები.

იდეოლოგიური სხვაობა ყველა პარტიას შორის არის, ჩემთვის დისკომფორტია ნამდვილად. მე ჩემი ამოცანა მაქვს, ჩვენ ჩვენი ამოცანა გვაქვს და პარტიაში ხომ არ შემოსულა?!" - ამბობს ხატია დეკანოიძე.

4 სექტემბერს ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის მიერ დაარსებული პარტია პროგრესი და თავისუფლება შეუერთდა გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკს ძალა ერთობაშია. ოქრიაშვილის თქმით, აქამდე პოლიტიკაში ის დამოუკიდებელი სუბიექტი იყო, ხოლო კავშირები რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან მხოლოდ მოკავშირეების ურთერთობა იყო.

კახა ოქრიაშვილის თქმით, ის კენჭს იყრის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატად დმანისი-წალკა-ბოლნისი-თეთრიწყაროს ოლქში.

კახა ოქრიაშვილმა ქართული ოცნება 10 აგვისტოს დატოვა. მან ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელთან ერთად პარტია პროგრესი და თავისუფლება დააარსა.

კახა ოქრიაშვილი 4 მოწვევის პარლამენტის წევრია. 2016 წელს ოქრიაშვილი მაჟორიტარი დეპუტატი ქართული ოცნების დახმარებით გახდა. 2008 და 2012 წლებში ის საკანონმდებლო ორგანოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი იყო. ხოლო 2004 წელს - საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.

ოქრიაშვილი ერთ-ერთია იმათგან, ვინც აქტიურად ეწინააღმდეგებოდა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და შესაბამის საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები