ევროპული საქართველო

ბოკერია "პატრიოტებზე": რუსეთის სპეცსამსახურების რესურსების მიმღების შეზღუდვა აუცილებელია

ევროპული საქართველო

ფოთის, სენაკისა და ხობის ოლქში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგა ბოკერია ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებას ეხმაურება. 

გიგა ბოკერიას თქმით, კინზინგერმა, რომელიც არა რომელიმე პარტიის, არამედ საქართველოს მეგობარია, სწორად შენიშნა, რომ პატრიოტთა ალიანსის მოქმედებები რუსეთისთვის ხელსაყრელ დაძაბულობას ქმნის და მტრისთვის ოკუპაციის ბრალის შემსუბუქებას, ანუ ვლადიმირ პუტინის ინტერესებს ემსახურება. 

"მე არ მგონია, რომ საქართველოში რაიმე სახის იდეა, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრული, უნდა ისჯებოდეს. თავისუფლება გულისხმობს ქვეყნისთვის საზიანო შეხედულებების მქონე ადამიანების უფლებასაც, ჰქონდეთ ეს შეხედულებები. ამ მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება საუკეთესო მგონია.

აშშ-ში კუ-კლუქს-კლანიც კი არ შეუზღუდავთ იდეების გამო, მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი ქმედებების გამო სჯიდნენ. ცივი ომის დროს არც კომუნისტური პარტია აუკრძალავთ. უბრალოდ, ორივეს პოლიტიკურ და მორალურ იზოლაციაში აქცევდა საზოგადოება და მთავარი პოლიტიკური ძალები". – წერს გიგა ბოკერია. 

ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, პატრიოტთა ალიანსის შემთხვევაში საქმე უბრალოდ მტრულ იდეებთან არ გვაქვს. 

"მათი საჯარო საქმიანობა და ახლახანს გამოქვეყნებული დოკუმენტები, საფუძვლიან ეჭვს ქმნის, რომ მათ პირდაპირი კავშირი აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებთან და რესურსებსაც იქიდან იღებენ. ასეთი ქმედების შეზღუდვა კი არამარტო დასაშვებია დემოკრატიაში, არამედ აუცილებელია თავისუფლების დასაცავად". – წერს გიგა ბოკერია. 

დეპუტატის განცხადებით, პუტინის აგრესიის დროს საქართველოს მთავარი შიდა პრობლემა პატრიოტთა ალიანსი კი არა, არამედ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაა, რომელმაც 2012 წლიდან არაკოალიციურ პარტნიორად აირჩია ეს პარტია და წლებია, მას აძლიერებს, ხელს უწყობს და "ერთ სულ და ერთ ხორც" არიან. 

"ის, რომ ორივე პარტია ერთად მოქმედებს და ორივე ივანიშვილის ინსტრუმენტია, მათი საჯარო ქმედებებიდან ჩანს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ორივე პარტია ივანიშვილის ფულით ერთად ეწეოდა სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ კამპანიას. ყველა საკვანძო მომენტში, როცა პარლამენტში მათი ხმები სჭირდებათ, უპრობლემოდ იღებენ ამ ხმებს. მთავარი პრობლემა ივანიშვილის ხელისუფლებაა, რომლის პატრონაჟითა და სპონსორობით არსებობენ პუტინისტური სიძულვილის ჯგუფები საქართველოში. აქაც - ფოთში, ხობსა და სენაკში, ყველგან იციან, რომ პოლიტიკურ აქციებზე მთავრობა უგროვებს მათ ხალხს. 

სწორედ ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ უნდა დავამარცხოთ ამ არჩევნებზე ივანიშვილის ხელისუფლება და გარდამტეხი ცვლილებები მოვუტანოთ ქვეყანას. ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კომპასი არა ჩრდილოეთით, არამედ თავისუფალი სამყაროსკენ უნდა იყოს მიმართული". – წერს დეპუტატი. 

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრი, კონგრესის აშშ - საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ადამ კინზინგერი 4 სექტემბერს პატრიოტთა ალიანსის პრორუსულ და ანტითურქულ რიტორიკას გამოეხმაურა

"უფრო მეტად ის მაშფოთებს, რომ ეს ბრალდება არის რუსეთის მცდელობა, ყურადღება გადაიტანოს საქართველოს ტერიტორიების მესამედის ოკუპირებიდან და ჩაერიოს საქართველოსთვის მნიშვნელოვან მომავალ არჩევნებში". – დაწერა კინზინგერმა. 

კომენტარები