ორი ახალი კვლევის თანახმად ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე გავრცელებულ ენდემურ ძუძუმწოვარს, თეთრფეხება თაგვს (Peromyscus) ლაბორატორიულ პირობებში კორონავირუსით ინფიცირება და მისი სხვა თაგვებისთვის გადაცემა შეუძლია. კვლევები კოლორადოს უნივერსიტეტსა და კანადის ჯანდაცვის სააგენტომ ჩაატარეს, თუმცა სამეცნიერო საზოგადოებას ეს კვლევები ჯერ არ განუხილავს.
კვლევის შედეგები მიუთითებს მცირე ალბათობაზე, რომ, შესაძლოა, თაგვები ბუნებაში ვირუსის გადამტანები გახდნენ და შემდეგ ის ადამიანებსაც გადასდონ, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ კორონავირუსით ინფიცირებული თაგვები შეიძლება ვაქცინის, ანტივირუსლი თერაპიისაა და ინფექციების კვლევისთვის გამოიყენონ.
ექსპერტების აზრით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ თაგვები კორონავირუსის ინფექციის მატარებლები გახდნენ, თუმცა ამის გადაჭრით გამორიცხვა შეუძლებელია.
კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევის ფარგლებში მკვლევრებმა ვირუსის დიდი რაოდენობით შეძლეს თაგვების ინფიცირება. შემდეგ ამ ინფიცირებულმა თაგვებმა ვირუსი ცხოველების მეორე ჯგუფს გადასდეს, თაგვების მეორე ჯგუფმა, თავის მხრივ, ვირუსი მესამე ჯგუფს გადასდო. კანადის ჯანდაცვის სააგენტოს მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტებმაც აჩვენა, რომ ლაბორატორიულ პირობებში ინფიცირებულმა თაგვებმა სხვებს გადასდეს ვირუსი.
მასაჩუსეტსის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ელინორ კარლსონმა, რომელიც ამ კვლევებში არ მონაწილეობდა, აღნიშნა, რომ ლაბორატორიულ პირობებში ჩატარებულმა კვლევებმა ბუნებაში ვირუსის სწრაფი გავრცელების შესაძლებლობაზე პანიკა არ უნდა გამოიწვიოს.
“დღეს არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ბუნებაში თეთრფეხება თაგვები ამ ვირუსის მატარებლები არიან” - ამბობს საბრა კლაინი, ჯონ ჰოპკინსის სახელობის ბლუმბერგის ჯანდაცვის სკოლის მიკრობიოლოგი.
კლაინის განცხადებით, თაგვებისგან ინფექციის გავრცელება ნაკლებად სავარაუდოა. იმისათვის, რომ მღრღნელი ველურ ბუნებაში ვირუსით ინფიცირდეს, პირველ რიგში, საჭირო იქნება მიწაზე, იქ, სადაც თაგვი ვირუსთან კონტაქტში შესვლას შეძლებს, საკმარისი რაოდენობით გავრცელდეს ვირუსი ადამიანისგან.
კოლორადოს უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის ავტორი, ტომ შოუნცი აღნიშნავს: დანამდვილებით ვერ ვიტყვით, ვირუსის ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იყო თაგვების ინფიცირებისთვის, შეიძლება თუ არა, რომ ბუნებრივ გარემოში შენარჩუნდეს.
მეცნიერებმა იციან, რომ კორონავირუსი ადამიანს ცხოველისგან, ყველაზე დიდი ალბათობით ღამურასგან გადაედო. შესაძლებელია, რომ, სანამ ვირუსი "პაციენტ ზეროს" შეეყრებოდა, ის სხვა ცხოველებშიც გავრცელებულიყო.
ცნობილია ისიც, რომ შესაძლებელია, კორონავირუსი ადამიანისგან ცხოველს გადაედოს. ნიუ-იორკის ზოოპარკში დიდ კატებს SARS-CoV-2 დაუდასტურდათ, რომელიც, სავარაუდოდ, ცხოველებს ზოოპარკის თანამშრომლებისგან გადაედოთ.
თეთრფეხება თაგვები აშშ-ში, კანადასა და ალასკაზეა გავრცელებული. ცნობილია, რომ თაგვების ეს სახეობა პათოგენის, სახელად ჰანტრავირუსის მატარებელია. ეს ვირუსი ადამიანს ინფიცირებულ თაგვთან, მის ნერწყვთან, შარდთან ან ფეკალიებთან კონტაქტით შეიძლება გადაედოს. ჰანტრავირუსს ადამიანებში სიკვდილიანობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს. თუმცა ადამიანებს ის იშვიათად ემართებათ. წელიწადში დაახლოებით 30-40 შემთხვევა აღირიცხება.
ცხოველები, შესაძლოა, ინფიცირდნენ ვირუსით, მაგრამ არ გახდნენ მისი მატარებლები. ჰანტრავირუსს საკმაოდ დიდი დრო, შესაძლოა, მილიონობით წელიც ჰქონდა ევოლუციისთვის. რაც ახალ კორონავირუსს არა აქვს. შესაბამისად, დარწმუნებით შეუძლებელია იმის თქმა, შეუწყობენ თუ არა ინფიცირებული თაგვები ბუნებაში ვირუსის გავრცელებას ხელს.
ის, რომ თეთრფეხება თაგვების კორონავირუსით ინფიცირება შესაძლებელია, განასხვავებს მათ ჩვეულებრივი ლაბორატორიული თეთრი თაგვებისგან. თეთრ თაგვებში ვირუსი ვერ რეპლიცირდება. ეს განპირობებულია იმით, რომ ვირუსი ცილას, რეცეპტორ ACE2-ს ებმის, რომელიც თეთრ თაგვებს არა აქვთ.
შესაბამისად, მეცნიერებს მარტივად შეუძლიათ, თეთრფეხება თაგვები კორონავირუსის კვლევისთვის გამოიყენონ. საბრა კლაინის თქმით, ამ კვლევებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ისინი საშუალებას აძლევს მეცნიერებს, გამოვიკვლიოთ უჯრედები და ფილტვების ის არეები, რომლებსაც ვირუსი აზიანებს.





